ნიკოლ ფაშინიანი – სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა რეგიონი ერთიან საერთო სივრცედ უნდა აღიქვან, სადაც უამრავი საერთო ინტერესი არსებობს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტისას განსახილველ საკითხებს შორის სომხეთის „შუა დერეფნის“ მარშრუტში ინტეგრაცია დაასახელა. როგორც ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, პირველ ივლისს სომხეთში ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტისას შეხვედრების დღის წესრიგში შევა რეგიონული ლოგისტიკის საკითხები და სომხეთის ინტეგრაციის პერსპექტივები გლობალურ სატრანსპორტო მარშრუტებში, მათ შორის „შუა დერეფანში“, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით გადის.
ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის კონცეფციის – „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პოტენციალს და თქვა, რომ სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო პროექტები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.
„ნაკადები იმდენად დიდია, რომ მათი მომსახურება ერთი ცალკეულ მიმართულებით შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, სამხრეთ კავკასიაში ამ ნაკადებისთვის საჭიროა რამდენიმე მარშრუტი. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა რეგიონი ერთიან საერთო სივრცედ უნდა აღიქვან, სადაც უამრავი საერთო ინტერესი არსებობს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ფაშინინის თქმით, კიდევ ერთი საკითხი იქნება ევროკავშირის ბაზარზე სომხური პროდუქციის, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამარტივებული წვდომის უზრუნველყოფის შესაძლებლობა.
მან ხაზი გაუსვა ევროპული მაღალი რანგის დელეგაციის მოახლოებული ვიზიტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლოდროინდელი მონაწილეობა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაში ბრიუსელში ერევნისთვის უნიკალურ შესაძლებლობებს ხსნის. ფაშინიანმა გამოთქვა იმედი, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენთან მოლაპარაკებების დროს შესაძლებელი იქნება სავაჭრო ბარიერების გამარტივების შესახებ ერთობლივ სამუშაოზე წარმატებით დასრულება.
„იმედი მაქვს, რომ ევროკომისიასთან ერთად შევძლებთ ამ პროექტის საბოლოო ეტაპამდე მიყვანას, რათა ვიზიტის დროს ერევანში მისი ერთობლივად გამოცხადება შევძლოთ“, – თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ პირველ ივლისს ურსულა ფონ დერ ლაიენი ეწვევა სომხეთს. ეს მისი მეორე ვიზიტი იქნება სომხეთში. ევროპული კომისიის ხელმძღვანელთან ერთად ერევანში ჩავა გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი.