ევროკავშირი უკრაინის მოთხოვნით სამხედრო ასაკის მამაკაცებს თავშესაფარს აღარ მისცემს

ევროკავშირი უკრაინის მოთხოვნით სამხედრო ასაკის მამაკაცებს თავშესაფარს აღარ მისცემს

ევროკავშირი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე მოქმედი დროებითი დაცვის რეჟიმს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს, თუმცა ამავდროულად უკრაინის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე სამხედრო ასაკის მამაკაცებისათვის ამ მექანიზმზე წვდომას შეზღუდავს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ეხება დაახლოებით 4.4 მილიონ უკრაინელს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში იმყოფებიან და დროებითი დაცვის სქემით სარგებლობენ. ახალი წესებით, სამხედრო ასაკის მამაკაცებს, რომლებსაც უკრაინის კანონმდებლობით ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ, ამ დაცვის პროგრამით სარგებლობის უფლება აღარ ექნებათ.

ევროკავშირმა დროებითი დაცვის მექანიზმი უკრაინისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეს აამოქმედა, თუმცა ის ყოველწლიურად განახლებას საჭიროებს. ბოლო გადაწყვეტილებამდე მისი მოქმედების ვადა 2027 წლის მარტში იწურებოდა, ახლა კი სისტემა 2028 წლის მარტამდე გახანგრძლივდა.

ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში მაგნუს ბრუნერმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ადრეულ ეტაპზე იქნა მიღებული, რათა უკრაინელებისთვის მეტი სამართლებრივი სიცხადე შეიქმნას.

„ჩვენ ახლა გვჭირდება სიცხადე უკრაინელებისთვის ევროკავშირში… სწორედ ამიტომ გავახანგრძლივეთ რეჟიმი ასე ადრე და არ დაველოდეთ 2027 წელს“, – აღნიშნა ბრუნერმა.

ახალი წესები არ შეეხება იმ მამაკაცებს, რომლებმაც ევროკავშირში დროებითი დაცვის მოთხოვნა უკვე დააფიქსირეს.

ევროკომისიის ინფორმაციით, იმ პირებს, რომლებიც ახალი შეზღუდვების გამო დროებითი დაცვის მიღებას ვეღარ შეძლებენ, კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, თავშესაფარი საერთო პროცედურებით მოითხოვონ.

შეზღუდვები ძალაში ოფიციალურად რამდენიმე კვირაში შევა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები მათ ფორმალურად დაამტკიცებენ და ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება.