სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობა ბუნებრივ გაზს უწყვეტად მიიღებს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე დაიწყო საჯარო ადმინიასტრაციული წარმოება შპს “მამედის” ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.
შპს “მამედის” სალიცენზიო არეალია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ყიზილ-აჯლო.
კომისია განმარტავს, რომ შპს “მამედის” ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმება არ გამოიწვევს მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხებას. მომხმარებლები ბუნებრივ გაზს მიიღებენ უწყვეტად.
საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სემეკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ მოსაზრებების წარმოსადგენად ბოლო ვადად განისაზღვრა - 2026 წლის 24 ივლისით, ხოლო სამართლებრივი აქტის გამოცემის ბოლო ვადად განისაზღვრა - 2026 წლის 24 სექტემბერი.
საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სემეკის ვებგვერდზე: www.gnerc.org
გაზგამანაწილებელი კომპანიის “მამედის” ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების საფუძველია სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა.
შპს “მამედი” არ იხდიდა შესყიდული გაზის დაგროვილ დავალიანებას, რამაც გამოიწვია ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა. ამასთანავე, შპს „მამედის“ სალიცენზიო არეალში (სოფელი ყიზილ-აჯლო) საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის სემეკის მიერ დადგენილია 47 თეთრიანი ტარიფი (დღგ-ის ჩათვლით).
მიუხედავად ამისა, შპს „მამედი“ მომხმარებლებს თვითნებურად არიცხავდა სემეკის მიერ დადგენილზე მაღალ ტარიფს (57 თეთრი დღგ-ის ჩათვლით), რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მიერ.
ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.