დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის შეურაცხყოფის საქმეზე, მოქალაქე თამაზ კვანტიძეს 1500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორები დღეს ახსნა-განმარტებისთვის თბილისის, ზესტაფონისა და ბათუმის სასამართლოებში დაიბარეს.
განსახილველ საქმეებს შორისაა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის შეურაცხყოფის საქმე, რისთვისაც მოქალაქე თამაზ კვანტიძეს 1500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე, სასამართლოს გადაეცა ცოტნე ივანიშვილის, შალვა პაპუაშვილის, ვლადიმერ ბოჟაძის, მარიზი კობახიძისა და თამარ ჩერგოლეიშვილის შეურაცხყოფისა და სიძულვილის ენის გამოყენების საქმეები. სავარაუდო სამართალდარღვევის ამ ფაქტებზე სასამართლოები მომდევნო დღეებში იმსჯელებს.
"თამაზ კვანტიძემ, შეურაცხმყოფელი ფრაზა გაავრცელა სოციალურ ქსელში სასულიერო პირის მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა აღნიშნული კანონდარღვევის ოქმი. პიროვნებამ აღიარა მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტი და მოინანია. სასამართლოს დადგენილებით ცნობილ იქნა სამართალდარღვევად და განისაზღვრა ჯარიმა 1 500 ლარის ოდენობით", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა ანდრო გურულმა.