შალვა პაპუაშვილი: გიორგი შარაშიძემ დღეს კონსტრუქციულობით ისარგებლა და უკადრებელი იკადრა
გიორგი შარაშიძემ დღეს კონსტრუქციულობით ისარგებლა და უკადრებელი იკადრა, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ გიორგი შარაშიძის გამოსვლას, რომელსაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, შარაშიძემ ყველაზე კარგად იცის, რაც დააშავა.
„თქვენმა კოლეგამ უკადრებელი იკადრა, დადგა აქ და ამ კონსტრუქციულობით ისარგებლა, თქვენმა გამომსვლელმაც მიამატა ყელყელაობით, ჩვენც კონსტრუქციულობის ფარგლებში ამ ყველაფერს ვისმენთ და ვიტანთ. რაც იკადრა და აკადრა ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს, ამისი რეაქცია იყო ყველაფერი. ნაცვლად იმისა, რომ კონსტრუქციულ ფორმაში დაბრუნდეთ და სინანული გამოხატოთ, თქვენი თანაგუნდელის ამ საქციელის გამო, ნოტაციების კითხვა დაიწყეთ ,ქალბატონო ვიკა და ამას ჩვენ ვერ მივიღებთ. ყველაზე კარგად თქვენმა კოლეგამ იცის, რა დააშავა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ სიტყვით გამოსვლა დაასრულა.
შარაშიძემ პრემიერ-მინისტრის მისამართით განაცხადა, რომ „ქართული ოცნებაც“ კი არ იმსახურებს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს და დარწმუნებულია, რომ მის ამ მოსაზრებას თავად „ქართული ოცნების“ წევრებიც ეთანხმებიან“. ამ განცხადების შემდეგ შარაშიძე ტრიბუნიდან ჩამოვიდა და დაპირისპირება ამის შედეგ დაიწყო.