ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „მედიცინაში რადიაციული უსაფრთხოებისა და დაცულობის პრობლემატიკა საქართველოში“

ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „მედიცინაში რადიაციული უსაფრთხოებისა და დაცულობის პრობლემატიკა საქართველოში“

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „მედიცინაში რადიაციული უსაფრთხოებისა და დაცულობის პრობლემატიკა საქართველოში“.

ზვიად გაბისონიამ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა სამედიცინო სკოლებისა და უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგებში პოზიციების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე. 

მინისტრის მოადგილის თქმით, სამედიცინო სფეროში სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, ცოდნის გაზიარება და საერთაშორისო გამოცდილება მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც განათლების, ასევე ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებაში.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ირინა იმერლიშვილმა და დარგის ექსპერტებმა როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებიდან. 

კონფერენციის მონაწილეებმა რადიაციული უსაფრთხოებისა და რადიაციული დაცვის სფეროში არსებულ თანამედროვე ტენდენციებზე, გამოწვევებზე, უახლეს მიღწევებსა და განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ორდღიანი კონფერენცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სამედიცინო ფიზიკისა და რადიაციული დაცვის ასოციაციის, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.