საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ სატყეო რეფორმის, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, ძირითადი მიზანი - ტყის დაცვისა და ტყითსარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებასთან ერთად, ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერებაა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმის ფარგლებში ძლიერდება ტყის დაცვის კომპონენტი. უკანონო ჭრების აღმოსაფხვრელად, 1.7 მლნ-ზე მეტი ჰექტარი ტერიტორია 903 სამცველოდ იყოფა და ტყის მცველებს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცემათ. კონტროლის გასაძლიერებლად სისტემას 499 ახალი კადრი დაემატება, აქედან 401 ტყის მცველის პოზიციაა, რის შედეგადაც თითო მცველზე დასაცავი ტერიტორია 10 - 15 ათასი ჰექტრიდან, საშუალოდ, 2 000 ჰექტრამდე შემცირდება. აღსანიშნავია, რომ ტყის მცველთა ხელფასი მიმდინარე წლის იანვრის თვიდან გაორმაგდა.

ასევე ხაზგასასმელია, რომ სატყეო სექტორში არსებული უკანონო ჭრებისა და დეგრადაციის აღმოსაფხვრელად, სახელმწიფო ტყის დაცვისა და მონიტორინგის სრულიად ახალ მოდელზე გადადის. ხოლო ტყის მონიტორინგი სრულად ციფრულდება და გადადის თანამედროვე ტექნოლოგიებზე. სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანად განხორციელებისთვის აქტიურად გამოიყენება პლანშეტები, სამხრე კამერები, რაციები, ფოტოხაფანგები, რაც ტყის ფიზიკური დაცვისა და შიდა კონტროლის ხარისხს თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

ტყის დაცვის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს ტყის აღდგენის პროცესიც. 2025-2026 წლების საანგარიშო პერიოდში სამუშაოები უკვე ჩატარდა 1,722 ჰა-ზე, მიმდინარე წლის გეგმით კიდევ 2,600 ჰა-ის გაშენებაა გათვალისწინებული, ხოლო 10-წლიანი სტრატეგიით ქვეყნის მასშტაბით ტყის აღდგენის ღონისძიებები, სულ 51 000 ჰა ფართობზე იქნება განხორციელებული. წარმოდგენილი ცვლილებებით, ჩნდება ხე-ტყის დამზადების დამატებითი მექანიზმი, რომელიც გულისხმობს ხე-ტყის დამზადების მიზნით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭებას აუქციონის გზით.