ნიკა გვარამია: ერთიანობას პრობლემა „ნაციონალური მოძრაობის“ გამო აქვს
ერთიანობას პრობლემა „ნაციონალური მოძრაობის“ გამო აქვს. დასაფასებელია, რომ ისინი შემოვიდნენ ალიანსში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი- ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ტვ პირველზე“ გადაცემაში „დღის ამბები“ განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ ალიანსში არათუ აქტიურად არ არის ჩართული, არამედ „საერთოდ არ დადიან.“
„რამდენჯერმე მოვისმინე, რომ აი ერთი პარტია, ერთი სია, რატომ არ ამბობთ ამას. წინა არჩევნებზეც ასე ვამბობდი და ისე ამიხდა ყველაფერი, როგორც წინა ჯერზე ამიხდა, როცა ერთიანი სია არ უნდა ყოფილიყო, თორემ იქნებოდა ერთიანი სია და არჩევნებამდე ვერ მივიდოდით იმ მდგომარეობის გამო, რაც დღეს არის ალიანსში და ზუსტად იგივე აქტორის მიერ იქნებოდა გამოწვეული ეს მდგომარეობა, ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ, რომელიც თითქოს ყველაზე მეტს ლაპარაკობდა ერთიან სიაზე. დღეს ხომ ჩანს, რომ ერთიანობას პრობლემა აქვს ნაციონალური მოძრაობის გამო. კარგია და დასაფასებელია, რომ ისინი შემოვიდნენ ალიანსში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ალიანსში ვინც არის აქტიურად ჩართული, ეს პარტიები ვმუშაობთ.“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ამასთან, ნიკა გვარამია კითხვაზე, „ალიანსში“ არის თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად ჩართული, აცხადებს: „საერთოდ არ დადიან. არიან წევრები, მაგრამ ისინი არ დადიან. არ ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ნუ, ცხადი ხდება, რომ ასე ვერ იქნება.“