აჭარაში მცხოვრები აფხაზების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

აჭარაში მცხოვრები აფხაზების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და „ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოების“ ერთობლივი ორგანიზებით, აჭარაში მცხოვრები აფხაზების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

დაჯილდოების ცერემონია უკვე მესამე წელია ტარდება. მისი მიზანია აჭარაში მცხოვრები აფხაზებისთვის მადლიერების გამოხატვა იმ წვლილისთვის, რომელიც მათ აფხაზური ენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნების საქმეში შეიტანეს. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური დასის წარმოდგენა გაიმართა. ხოლო, სტუდენტებმა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებთან დაკავშირებით ლექსები წაიკითხეს.

სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, აფხაზეთის უმღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ჯემალ გამახარია, ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ თავმჯდომარე გიორგი შერვაშიძე.

„ვისაუბრე აფხაზური კულტურის, ენისა და ტრადიციების დაცვის მნიშვნელობაზე. ეს ღონისძიება იმის გამოხატულებაა, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, ვუფრთხილდებით და გვჯერა - ქართველებისა და აფხაზების ერთობის გარეშე, თანამედროვე სამყაროში მცირე ეთნოსის გადარჩენა შეუძლებელია.

დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ აჭარაში მცხოვრები აფხაზების და ჩვენი სტუდენტების აფხაზეთის მიმართ მსგავსი დამოკიდებულებით, კულტურული, პოლიტიკური და რელიგიური კავშირების გაღრმავებით, ურთიერთმიტევებით, სიყვარულით, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებით შევძლებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას.“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

ღონისძიებას დაესწრნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.