სახალხო დამცველის პირველი მოადგილე და აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი მონიტორინგის მიზნით საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

სახალხო დამცველის პირველი მოადგილე და აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი მონიტორინგის მიზნით საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე და აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი მარიამ თავდგირიძე მონიტორინგის მიზნით საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. 

თამარ გვარამაძემ ევროპის საბჭოს კონგრესის ადგილობრივი დემოკრატიის საკითხებზე მომხსენებელ ანდერს კნაპეს, რეგიონული დემოკრატიის საკითხებზე მომხსენებელ ურს ჟანეტსა და ევროპის ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტს, კონგრესის საკონსტიტუციო მრჩეველს, პროფესორი ტანია გროპს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მანდატი, ძირითადი უფლებამოსილებები და პრაქტიკა გააცნო. 

შეხვედრაზე განიხილეს ასევე, სახალხო დამცველის კომუნიკაციის ფორმები და სიხშირე ადგილობრივ თვითმმართველობებთან და შესაბამის ასოციაციებთან, მათ შორის, მოქალაქეთა მიმართვების, ინდივიდუალური საქმეებისა და სისტემური გამოწვევების განხილვის პროცესში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების უფლებებს, მოქალაქეთა საჩივრების განხილვის პრაქტიკას და მუნიციპალიტეტებს შორის შესაძლო განსხვავებულ მიდგომებს. ისაუბრეს ადგილობრივ დონეზე ქალთა მონაწილეობის და ჩართულობის მხრივ არსებულ გამოწვევებსა და სახალხო დამცველის შეფასებებზე; ასევე ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე. 

შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის საპარლამენტო ანგარიშზეც, რომელიც 2026 წელს წარედგინა საქართველოს პარლამენტს.