მედია: უნგრეთმა უკრაინისთვის მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნა დაბლოკა, ხოლო მოლდოვისთვის მე-3 კლასტერს დათანხმდა
ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფის სხდომის დროს უნგრეთმა უარი განაცხადა უკრაინისთვის მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერის გახსნის პროცესის დაწყებაზე, თუმცა, დათანხმდა მოლდოვისთვის მე-3 კლასტერს. ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდას“ ბრიუსელის კორესპონდენტი ევროკავშირში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თუმცა, გამოცემის ცნობით, ამ ვარიანტს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმეტესობამ მხარი არ დაუჭირა და ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.
შედეგად კლასტერების გახსნა ორივე სახელმწიფოსთვის დაიბლოკა. გადაწყდა, რომ უკრაინისა და მოლდოვის მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცების საკითხს სამუშაო ჯგუფი მომდევნო შეხვედრაზე - 22 ივლისს დაუბრუნდება.