„როიტერი“ – პოლონეთის პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონპროექტებს, რომლებიც ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის „თანაცხოვრების კონტრაქტების“ შემოღებას ითვალისწინებდა

„როიტერი“ – პოლონეთის პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონპროექტებს, რომლებიც ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის „თანაცხოვრების კონტრაქტების“ შემოღებას ითვალისწინებდა

პოლონეთის პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონპროექტებს, რომლებიც ერთნაირსქესიანი წყვილების უფლებებს გააუმჯობესებდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, კაროლს ნავროცკიმ ვეტო დაადო ორ კანონპროექტს, რომლებიც ერთად მცხოვრები წყვილებისთვის „თანაცხოვრების კონტრაქტების“ შემოღებას ითვალისწინებდა.

„როიტერის“ თანახმად, „ურთიერთობაში უახლოესი პირის სტატუსისა და თანაცხოვრების შესახებ ხელშეკრულების“ კანონპროექტები ორ ზრდასრულ ადამიანს საშუალებას მისცემდა, დაედოთ შეთანხმება, რომელიც არეგულირებდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ერთობლივი საკუთრების უფლებები, სამედიცინო ინფორმაციაზე წვდომა და დაკრძალვასთან დაკავშირებული საკითხები.

კანონპროექტებმა მხარდაჭერა მოიპოვა მმართველი კოალიციის წევრებისგან, თუმცა, ნაციონალისტური ოპოზიციური პარტიის, „კანონი და სამართლიანობა“ (PiS) მოკავშირემ, კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ კანონპროექტები ძალიან შორს წავიდა.

„ეს წინადადებები ქმნის ოჯახის სამართლის ახალ, ფორმალიზებულ ინსტიტუტს, რომელიც აღჭურვილია ქორწინების უფლებების მსგავსი უფლებების ფართო კატალოგით. როგორც კონსტიტუციის მცველს, მე არ შემიძლია, შევეგუო გადაწყვეტას, რომელიც გამოიწვევს ქორწინების განსაკუთრებული სტატუსის დაკარგვას, რაც კონსტიტუციის მე-18 მუხლშია განსაზღვრული, როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირი პოლონეთის რესპუბლიკის მფარველობისა და მზრუნველობის ქვეშ“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ნავროკის გადაწყვეტილებას უპასუხა და განაცხადა: „პრეზიდენტის ვეტო ადამიანებისა და მათი ბედნიერებისა და ნორმალური ცხოვრების უფლების მიმართ ზიზღის გამოხატულებაა“.

„როიტერის“ თანახმად, ვეტოს დასაძლევად მთავრობას სამი მეხუთედის უმრავლესობა დასჭირდება, თუ კენჭისყრაში კანონმდებლების, სულ მცირე, ნახევარი მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, კანონპროექტების წინააღმდეგ ნაციონალისტური ოპოზიციური პარტიების გათვალისწინებით, ამის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.