გიგი წერეთელი პრემიერის განცხადებაზე: უკრაინაში ომმა ყველა დაარწმუნა, რომ რუსეთთან ლაპარაკის რესურსი არ არსებობს. მცდელობა იყო, რომ 2008 წლის შემდეგ შემობრუნებულიყო პროცესი - რუსეთი დიპლომატიური გზით წამოსულიყო თავისი ვალდებულებების შესრულებაზე და ამის გამო იყო ასეთი პოლიტიკა

გიგი წერეთელი პრემიერის განცხადებაზე: უკრაინაში ომმა ყველა დაარწმუნა, რომ რუსეთთან ლაპარაკის რესურსი არ არსებობს. მცდელობა იყო, რომ 2008 წლის შემდეგ შემობრუნებულიყო პროცესი - რუსეთი დიპლომატიური გზით წამოსულიყო თავისი ვალდებულებების შესრულებაზე და ამის გამო იყო ასეთი პოლიტიკა

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი წერეთელი “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი შინაარსი რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებს ჰგავს.

“როდისმე ასცდა წინა ხელისუფლება დასავლურ კურსს? წინა ხელისუფლება, რომელმაც ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, მთავარ ხაზს ასცდა?  - არასდროს. დღეს, ვინც ამ განცხადებებს აკეთებს, საქართველო მიჰყავთ რუსეთში, ამიტომ არის ასეთი გამძაფრებული ამბავი“,-აღნიშნა წერეთელმა.

მისი შეფასებით, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ რუსეთთან საუბრის რესურსი პრაქტიკულად არ არსებობს.

მისივე თქმით, 2008 წელს საქართველო არ იყო ქსენოფობიური ქვეყანა და ხელისუფლება განასხვავებდა რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას რუსი ხალხისგან, რის გამოც მშვიდობიანი ტურისტებისა და კანონიერი ბიზნესსაქმიანობის მიმართ შეზღუდვები არ მოქმედებდა.

„მაშინ [2008 წელს] იყო ასეთი პოლიტიკა. საქართველო არ იყო ქსენოფობიური ქვეყანა და რაღაც განსხვავების დანახება, რომ რუს ხალხს არ მოსწონს ის, რომ პუტინი ასეთ ექსპანსიას ახორციელებს, ალბათ, ამაზე იყო გათვლა - ხალხს არაფერს ვერჩით. თუ ჩამოვა მშვიდობიანი ტურისტი, ჩამოვიდეს. თუ ვინმე ბიზნესს ომისთვის არ იყენებს, არ არის პრობლემა.

დღევანდელმა ხელისუფლებამ საერთოდ დაკარგა 12 აგვისტოს შეთანხმება. რუსეთმა მოაწერა შეთანხმებას ხელი, მას პუნქტები უნდა დაეცვა. ამაზე საერთაშორისო ზეწოლაც იყო, ჩვენც მუდმივად ვახსენებდით ამას. ეს პოლიტიკაც იყო ხელის შემწყობი იმისათვის, რომ იქნებ ეს პუნქტები შესრულებულიყო - დეოკუპაციის ნიშნები დაწყებულიყო, დევნილების დაბრუნება, [ჯარის] გაყვანა, ამიტომ თუ ამას რუსოფილიაში ჩათვლის ვინმე, ეს ასე არ იყო.

უკრაინაში ომმა ყველა დაარწმუნა, რომ რუსეთთან ლაპარაკის რესურსი არ არსებობს. მცდელობა იყო, რომ 2008 წლის შემდეგ შემობრუნებულიყო პროცესი - რუსეთი დიპლომატიური გზით წამოსულიყო თავისი ვალდებულებების შესრულებაზე და ამის გამო იყო ასეთი პოლიტიკა“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.