გედევან ფოფხაძე: თუ რუსეთის მოქალაქე საქართველოში ჩამოდის და ისვენებს, არ მიმაჩნია, რომ რადგან რუსია, არ უნდა შემოვუშვათ. არ მგონია ოპოზიციაში ასეთი განწყობები იყოს. რუსული კულტურა იქნება, თეატრი, ლიტერატურა თუ პოეზია ჩემთვის ძალიან ახლობელია, ამას მე ომს არ ვუცხადებ
მგონია, რომ ამათი წერილები და განცხადებები უნდა შეაფასოს ფსიქიატრმა და არა პოლიტიკოსმა. მართლა კლინიკური შემთხვევაა ეს ყველაფერი, რასაც ისინი ავითარებენ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, “კობახიძის ეს შემოგდებული თემა გათვლილია იმ მასებზე, რომლებიც სოციალურ მძევლობაში აიყვანა რეჟიმმა და პროპაგანდის მიმართ არის მგრძნობიარე.”
კითხვაზე, დღეს რა პოზიცია აქვს ოპოზიციას რუსეთთან დაკავშირებით, ფოფხაძე პასუხობს, რომ გამორიცხავს რუსეთთან რამე ურთიერთობა შეიძლება გვქონდეს.
"პირველ რიგში, იმიტომ, რომ ოკუპანტია. მეორე, ის სტანდარტი, რაც მათ უკრაინაში გაჩაღებული ომით, მსოფლიოს შესთავაზეს, ეს არის სახიფათო სტანდარტი. შენ უნდა დისტანცირდე სახელმწიფოსგან, რომელიც ამას აკეთებს. ჩემი ტერიტორიის მესამედი არის ოკუპირებული, ამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია უნდა გვქონდეს, მთელი მსოფლიო გვეხმარება არაღიარების პოლიტიკაში, ასარჩევი ჩვენ რა გვაქვს?
თუ რუსეთის მოქალაქე საქართველოში ჩამოდის და ისვენებს, არ მიმაჩნია, რომ რადგან რუსია, არ უნდა შემოვუშვათ. არ მგონია ოპოზიციაში ასეთი განწყობები იყოს. რუსული კულტურა იქნება, თეატრი, ლიტერატურა თუ პოეზია ჩემთვის ძალიან ახლობელია. ამას მე ომს არ ვუცხადებ და ხაზს არ ვუსვამ. ჩემ წრეში არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან აგრესიულები არიან და იმ დონეზე არიან, რომ ყველაფერი რუსული არის ბოროტება. მე მიმაჩნია, რომ ბოროტებას არ შეიძლება ჰქონდეს ეროვნული კუთვნილება. მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი რუსი პატრიოტია საქართველოს და ქართული იდეის, ვიდრე კობახიძე, ივანიშვილი და ეს წრე. ძალიან ბევრი გულშემატკივარი გვყავს რუსულ სათვისტომოში.
ალბათ ბიძინა ივანიშვილის მაამებელი წერილია. თვითონ არ უნდა ეთქვა და გააჟღერა კობახიძემ. კობახიძე ასეთ შეკვეთებს ასრულებს. როგორც ჩანს, ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ასეთი პროპაგანდაა საჭირო“, - განაცხადა ფოფხაძემ.