საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა, რომელიც სხდომაზე საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა, გიორგი გაბიტაშვილმა წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, 2025 წელს ჩატარდა 44 აუდიტი, მათ შორის, 5 − ფინანსური, 26 − შესაბამისობის, 3 − უწყებათაშორისი შესაბამისობის და 10 ეფექტიანობის აუდიტი.

როგორც გიორგი გაბიტაშვილმა აღნიშნა, ჩატარებული ფინანსური აუდიტებით 28.5 მილიარდ ლარზე მეტი დაიფარა, რაც ნაერთი ბიუჯეტის 95%-ია.

მისი თქმით, 2025 წელს ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 36.5 მილიონი ლარი შეადგინა, რომელიც სისტემური ხასიათის ნაკლოვანებებს მოიცავს და ძირითადად უკავშირდება საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებს, შესყიდვებისა და აქტივების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

გენერალური აუდიტორის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შედეგად ბიუჯეტში დაბრუნდა ზედმეტად გადახდილი თანხები, მობილიზებულია დამატებითი შემოსავლები, ზოგიერთ შემთხვევაში - საბიუჯეტო რესურსები დაიზოგა.

როგორც გიორგი გაბიტაშვილმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში დაბრუნებული/დაზოგილი/დამატებით მობილიზებული თანხების ჯამურმა მოცულობამ 11.8 მილიონი ლარი შეადგინა.

„სამსახურის მიერ ჩატარებული, რეალურ დროში აუდიტის ფარგლებში განხორციელებული შესწავლის შედეგად, სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზებისა და არასწორად განსაზღვრული საჭიროებების გამო, 9.2 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი შეწყდა. შესაბამისად, თავიდან იქნა აცილებული საბიუჯეტო რესურსების არაეკონომიური გამოყენება. 2025 წელს, მაღალი რისკის შემცველი გარემოებებიდან გამომდინარე, შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეგზავნა 17 აუდიტის ანგარიში/კონკრეტული ინფორმაცია. აქედან, 4 - დაერთო უკვე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, 13 შემთხვევაში - დაიწყო გამოძიება ახალ სისხლის სამართლის საქმეზე. პროკურატურაში გადაგზავნილი მასალები თანხობრივ გამოხატულებაში 80 მილიონ ლარს შეადგენს“, - განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა.

მისი თქმით, 2025 წელს ჩატარებული 5 ფინანსური აუდიტიდან უპირობო მოსაზრება ერთ შემთხვევაში გაიცა, პირობითი − სამ შემთხვევაში, ხოლო ერთი მოსაზრება უარყოფითი იყო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში ასევე შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ძირითად პარტნიორებთან თანამშრომლობა, შიდა მმართველობის სისტემის გაძლიერებით ეფექტიანობის ამაღლება, თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სამსახურის ფინანსები.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ, გიორგი გაბიტაშვილმა კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშს მხარი დაუჭირა.