საქსტატი – 2025 წელს წყალმომარაგების სისტემით მოსარგებლეთა რაოდენობა 2.9 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი – 2025 წელს წყალმომარაგების სისტემით მოსარგებლეთა რაოდენობა 2.9 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 28 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 258.6 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 6.2%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემით სარგებლობდა 2.87 მილიონი ადამიანი, ანუ მთლიანი მოსახლეობის 72.8%-ი, რაც 2.9 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წელს წყალარინების, ანუ კანალიზაციის ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ 2.06 მილიონი შეადგინა – მთლიანი მოსახლეობის 52.3%-ი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება 3.0%-ით.

2025 წელს ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ შეადგინა 1.64 მილიონი – მთლიანი მოსახლეობის 41.6%-ი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება 3.1%-ით.