მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვისა და განვითარების საკითხებზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო თემა: „დაცული ლანდშაფტის მართვა და უწყებათაშორისი კოორდინაცია“.
შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად დაესწრო.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა დაცული ლანდშაფტების მართვის მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარება, მიმდინარე საკითხებისა და გამოწვევების განხილვა, ასევე სხვადასხვა უწყებასა და დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს დაცული ლანდშაფტების მართვის პოლიტიკაზე, სამართლებრივ საკითხებზე, მოქმედ მართვის მოდელებსა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არსებული გამოწვევების შეფასებას, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის წარმომადგენლები და მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია.
შეხვედრის ფარგლებში განხორციელდა გასვლითი ვიზიტი მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ დაცული ლანდშაფტის მართვის პრაქტიკას, განხორციელებულ საქმიანობასა და არსებულ გამოწვევებს.
მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას, უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებას და მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მდგრადი მართვის მიმართულებით ერთობლივი ხედვების ჩამოყალიბებას.