ლუკა წიკლაური “რადიო თავისუფლების” სიუჟეტზე: კამერასთან დაბნეულობა იყო ჩემი ერთადერთი “დანაშაული”, რომელიც მედიამ სათავისოდ გამოიყენა. ინტერვიუ დაჩეხეს, კონტექსტიდან ამოგლიჯეს და აგრესიულ სექტას საჯიჯგნად მიუგდეს. უკვე ორი დღეა ჩემი ოჯახი უდიდეს სტრესს და ბულინგს განიცდის

ლუკა წიკლაური “რადიო თავისუფლების” სიუჟეტზე: კამერასთან დაბნეულობა იყო ჩემი ერთადერთი “დანაშაული”, რომელიც მედიამ სათავისოდ გამოიყენა. ინტერვიუ დაჩეხეს, კონტექსტიდან ამოგლიჯეს და აგრესიულ სექტას საჯიჯგნად მიუგდეს. უკვე ორი დღეა ჩემი ოჯახი უდიდეს სტრესს და ბულინგს განიცდის

ლუკა წიკლაური, რომელიც “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდა, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა “რადიო თავისუფლების” სიუჟეტს, რომელშიც თავადაც ფიგურირებს და მიაჩნია, რომ აღნიშნული პროპაგანდისტული ვიდეოა, რომელიც შეხვედრისა და მისი მონაწილეების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. 

“ყველამ კარგად იცის, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს რეგიონებში გამართული ღონისძიებების შემდეგ, თბილისში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრები საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობდა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საინტერესო არაერთი მსჯელობაც შედგა, ამიტომ გადავწყვიტე, კონფერენციაზე ამჯერად ჩემს მეგობრებთან ერთად მეც მივსულიყავი და ქვეყნის მმართველი ძალის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერებთან დისკუსიაში თანატოლებთან ერთად ჩავრთულიყავი.

იმავე საღამოს „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა, ჩემი აზრით, პროპაგანდისტული ვიდეო, რომელიც, ჩვენი შეხვედრისა და მისი მონაწილეების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. სიმართლე გითხრათ, არ დამეზარა, აღნიშნულ ვიდეოს თავიდან ბოლომდე ვუყურე და დავრწმუნდი, რომ აღნიშნული მასალის ავტორებმა საკუთარ მიზანს ნამდვილად ვერ მიაღწიეს.”- აღნიშნავს წიკლაური. 

წიკლაური განმარტავს, რომ ეს მისთვის მედიასთან გადაკვეთის პირველი გამოცდილება იყო, რამაც დააბნია და აანერვიულა, თუმცა, ეცადა პასუხები გაეცა, რაც მისი თქმით, “რადიო თავისუფლებისთვის” საჭირო „შესანიშნავი“ მასალითაც დაეხმარა.

როგორც წიკლაური აღნიშნავს, მის წინააღმდეგ აგორებული არასასიამოვნო მცდელობა, ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ თავი დამნაშავედ იგრძნოს, საკუთარი აზრის დაფიქსირებისგან თავი შეიკავოს ან სამომავლოდ ის ნაბიჯები არ გადადგას, რომლის სისწორეშიც დარწმუნებულია.

“ახლა რაც შეეხება კონკრეტულ მონაკვეთს, რომელშიც მე ვფიგურირებ. არაერთხელ მსმენია, რომ კამერასთან პირველ ურთიერთობას ყოველთვის ახლავს გარკვეული დაბნეულობა და ნერვიულობა, რაც დამკვირვებლის პოზიციიდან, გადაჭარბებულ შეფასებად მეჩვენებოდა, თუმცა, ახლა უკვე შემიძლია აღნიშნული მოსაზრება თავიდან ბოლომდე გავიზიარო. ეს შემთხვევა ჩემთვის მედიასთან გადაკვეთის პირველი გამოცდილება იყო, რამაც გარკვეულწილად, მართლაც დამაბნია და ამანერვიულა, თუმცა, აზრადაც არ მომსვლია, ჟურნალისტისთვის ან მისი დასმული შეკითხვებისთვის თავი ამერიდებინა, არ გავქცეულვარ და ვეცადე პასუხებიც გამეცა. ალბათ არავის გაუკვირდება, რომ აღნიშნულმა „მედიასაშუალებამ“ ინტერვიუ დაჭრა, კადრები დაჩეხა, სათავისო კონტექსტი გამოიყვანა, ამ ფორმით გაავრცელა და ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანების კონკრეტულ ნაწილს, რომლებსაც სექტანტური დამოკიდებულებები გამოარჩევთ, ჩემი თავი სალანძღავად მიუგდო. უკვე ორი დღეა არ შეწყვეტილა შეურაცხყოფა ჩემს მიმართ და ბუნებრივია, როდესაც ამას ჩემი მშობლები, ოჯახის წევრები და ახლობლები კითხულობენ, უდიდეს სტრესს და ნერვიულობას განიცდიან. 

სიმართლე გითხრათ, უკვე ორი დღეა ვცდილობ ამოვხსნა, რით დავიმსახურე ასეთი შეურაცხყოფა და ბულინგი, თუნდაც ჩემგან განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების მხრიდან, თუმცა, ჩემი ერთადერთი „დანაშაული“  იმაში დავინახე, რომ კამერასთან დავიბენი და სათქმელი ისე ვერ ჩამოვაყალიბე, როგორც მსურდა. 

კადრებშიც კარგად ჩანს, რომ გოგონასთან, რომელიც შეკითხვებს სვამდა უხეში დამოკიდებულება არ გამომივლენია და თავაზიანადაც მივმართავდი, მისი საქმიანობის მიმართ პატივისცემა გამოვიჩინე, კითხვებს თავი არ ავარიდე და, როგორც აღმოჩნდა, „რადიო თავისუფლების“ მიზნებისთვის საჭირო „შესანიშნავი“ მასალითაც დავეხმარე.

საბოლოოდ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ „მედიასაშუალების“ სათავეში მყოფი ხალხი მათთვის მიუღებელი ადამიანების მორალურად განადგურების მცდელობებს ახალისებენ, ხელს უწყობენ აგრესიის გაღვივებას და სოციალურ ქსელს ამოფარებულ აგრესიულ „სექტას“ კონკრეტულ ინდივიდებს საჯიჯგნადაც უგდებენ. ამის მიუხედავად, მინდა გითხრათ, რომ ჩემს წინააღმდეგ აგორებული ეს ნამდვილად არასასიამოვნო მცდელობა, ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ თავი დამნაშავედ ვიგრძნო, საკუთარი აზრის დაფიქსირებისგან თავი შევიკავო ან სამომავლოდ ის ნაბიჯები არ გადავდგა, რომლის სისწორეშიც დარწმუნებული ვარ.

იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს კადრები მე კი არ წარმომაჩენს ცუდად და ჩემს შესაძლებლობებს კი არ უსვამს ხაზს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ არწმუნებს, რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს და რაზეა წამსვლელი უცხოეთიდან დაფინანსებული „მედიასაშუალება“, რომელსაც ობიექტურობაზე და სამართლიანობაზე დაუმსახურებელი პრეტენზია აქვს”- წერს ლუკა წიკლაური.