დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ამ წუთებში ქვეყნის მასშტაბით გახსნილ ყველა საგამოცდო ცენტრში პირველი ნაკადის რეგისტრაცია მიმდინარეობს. ტრადიციულად, აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
გამოცდებში მონაწილე პირთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, თბილისის მერიამ რვა საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრების მიმართულებით სპეციალური ტრანსპორტი დანიშნა.
თბილისის 160-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში იმყოფება დილიდან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. გივი მიქანაძემ აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.
"შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან ერთად, რამდენიმე თვის განმავლობაში გაწია ინტენსიური სამუშაო იმისთვის, რომ გამოცდები ჩატარდეს უმაღლეს დონეზე. დღეს ვიწყებთ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტრადიციულად გამოცდებს. სულ 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ყოველდღიურად, დღის განმავლობაში, ორ ეტაპად მოხდება აბიტურიენტებისთვის გამოცდების ჩატარება. წლევანდელი წლები მნიშვნელოვანია იმით, რომ აბიტურიენტები, რომლებიც აბარებენ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, და ასეთი აბიტურიენტების რაოდენობა გაცილებით გაზრდილია წინა წლებთან შედარებით, იმიტომ, რომ პირველი პრიორიტეტი თითქმის 80%-ს აქვს შემოხაზული სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხჯერ მეტი არის მოთხოვნა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებზე, ვიდრე კერძო უნივერსიტეტებზე.
წარმატების შემთხვევაში, და კიდევ ერთხელ მინდა თითოეულ მათგანს წარმატება ვუსურვო, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტები ისწავლიან უფასოდ, რის შესახებაც მიღებულ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერში, სამთავრობო გუნდისა და მმართველი გუნდის პოლიტიკური საბჭოს მიერ. ამასთანავე, წლევანდელი სიახლე არის ის, რომ აბიტურიენტებს არჩევანის გაკეთების დროს ჰქონდათ, შესაძლებლობა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, შეერჩიათ კონკრეტული პროფესიული განათლების მიმართულებაც, იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტი გადალახავს მინიმალურ ბარიერს, მაგრამ ვერ შეძლებს საკმარისი ქულების დაგროვებას იმისთვის, რომ მისთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში მოხდეს, სახელმწიფომ გამოყო ადგილები, რომელსაც აფინანსებს ასევე 100%-ით ვაუჩერული სისტემით“, - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე.