ცეცხლის ალში გახვეული საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, საბერძნეთი და ბალკანეთის ქვეყნები - ტყის მასშტაბურ ხანძრებს სამხრეთ ევროპის ექვსი ქვეყანა ებრძვის
700 მეხანძრე, 200 ერთეული მძიმე ტექნიკა და 10 საჰაერო ხომალდი - საფრანგეთის სამხრეთით, აღმოსავლეთ პირენეის დეპარტამენტში, ქალაქ პერპინიანთან, მასშტაბურ ხანძარს უკვე მესამე დღეა ებრძვიან. შექმნილი კრიტიკული ვითარების გამო, ხელისუფლებამ რეგიონში ჯერ საფრთხის მაქსიმალური დონე, შემდეგ კი მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადა. საკუთარი სახლების დატოვება 10 000-მდე ადამიანს მოუწია. სტიქიამ 4500 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი უკვე გაანადგურა.
რთული ვითარებაა მეზობელ ესპანეთშიც. კატალონიისა და ვალენსიის რეგიონებში ტყის ხანძრების ლოკალიზებას ასობით მეხანძრე და მაშველი ცდილობს. სამუშაოებს რთული რელიეფი, მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ართულებს.
სტიქიის მასშტაბების გამო, პორტუგალიამ საერთაშორისო დახმარებაც მოითხოვა. ლისაბონმა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი აამოქმედა. ადგილზე უკვე ჩავიდა ესპანეთის სამხედრო საგანგებო რეაგირების ქვედანაყოფი - 120 მაშველი და 30 ერთეული ტექნიკა. სამაშველო ოპერაციაში იტალიიდან და ესპანეთიდან სამი სპეციალური თვითმფრინავიც ჩაერთო. საერთო ჯამში, პორტუგალიაში სტიქიას 1300-ზე მეტი მაშველი ებრძვის.
ექსპერტების განმარტებით, ხანძრების გავრცელებას რამდენიმე ფაქტორი ერთობლივად განაპირობებს - მაღალი ტემპერატურა, ძლიერი ქარი და კლიმატის ცვლილება.