ეგვიპტეში ხელუხლებელი აკლდამები, გრანიტის სარკოფაგი და „ოქროს ენები“ აღმოაჩინეს
ეგვიპტეს ჩრდილოეთით, ანტიკურ ქალაქი მარინა-ელ-ალამეინში მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა გაკეთდა. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ძველად აქ იყო ქალაქი ლევკესპიდი, რომლის შესახებაც ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი წერდა. დასახლებამ განვითარების პიკს ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში მიაღწია.
ეს არქეოლოგიური ძეგლი 1986 წელს, სამშენებლო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს და მას შემდეგ აქ მასშტაბური გათხრები მიმდინარეობს. მეცნიერებმა შეძლეს ეგვიპტეში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შენახული ანტიკური სანაპირო ქალაქის გათხრა. ნაპოვნია სახლები, საზოგადოებრივი შენობები, პორტი, სავაჭრო უბნები და ვრცელი ნეკროპოლისები.
ახლა კი არქეოლოგები ახალი მნიშვნელოვანი აღმოჩენების შესახებ იტყობინებიან. გათხრილია სხვადასხვა ტიპის 18 აკლდამა, მრავალი მიწისზედა სამარხი, ნაპოვნია სარკოფაგები და სხვა საინტერესო არტეფაქტები.
აღმოჩენილ სამარხებს შორისაა კლდეში ნაკვეთი თერთმეტი მიწისქვეშა აკლდამა, რომელთა საშუალო სიღრმე 8 მეტრია, ასევე კირქვის ბლოკებით ნაგები შვიდი მიწისზედა ნაგებობა. ზოგიერთი ეს დაკრძალვის კომპლექსი გამორჩეულად კარგ მდგომარეობაშია: ქვის ფილებით დალუქული დასაკრძალი კამერები ანტიკური ხანიდან მოყოლებული ხელუხლებლადაა შემონახული.
არქეოლოგებმა არტეფაქტების მდიდარი კოლექცია შეაგროვეს: კერამიკული ჭურჭელი, ამფორები, ზეთის ლამპები, თეფშები, საკურთხევლები და კირქვის თასები. ყველაზე მნიშვნელოვან მიგნებებს შორის არის მსხვერპლშეწირვის ქვის საკურთხეველი, რომლის ფასადიც იმეორებს ე.წ. „ცრუ კარს“, რაც ფარაონების დროინდელი ეგვიპტის დაკრძალვის ტრადიციებისთვის იყო დამახასიათებელი.
ამ საგნის გვერდით ნაპოვნია მარმარილოს დაუსრულებელი ქანდაკება, რომელიც, სავარაუდოდ, აფროდიტეს გამოსახავს, კირქვის საფლავის სტელა მჯდომარე კაცის გამოსახულებით, რომელსაც ხელში ფრინველი უჭირავს, და რამდენიმე შუშის ჭურჭელი.

გარდა ამისა, არქეოლოგები იტყობინებიან 2,5 მეტრის სიგრძის გრანიტის სარკოფაგის აღმოჩენის შესახებ, რომელსაც სახურავი შენარჩუნებული აქვს. შიგნით ჩონჩხი დახვდათ, რომელსაც ახლა სწავლობენ. სარკოფაგის მახლობლად თაბაშირის სფინქსის ფრაგმენტებიც იპოვეს.

აღმოჩენებს შორისაა ასევე ოქროს 24 ზოდი, რომლებიც ზოგიერთი მიცვალებულის პირის ღრუში იპოვეს. ეს არტეფაქტები შეესაბამება ე.წ. „ოქროს ენებს“ - იმ ეპოქის გავრცელებულ დაკრძალვის პრაქტიკას. ამ „ენებს“ შორის გამოირჩევა ერთი, რომელსაც ჰორუსის თვალის ფორმა აქვს - ეს უკანასკნელი ძველეგვიპტური რელიგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დამცავ სიმბოლოდ ითვლებოდა.
ანტიკური ქალაქის ადგილზე დიდი ტურისტული ცენტრის მოწყობა იგეგმება, რომელიც უკვე მომავალი წლის პირველ ნახევარში ამუშავდება.
