ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს პროექტის „საერთო მემკვიდრეობა - საერთო მომავალი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს პროექტის „საერთო მემკვიდრეობა - საერთო მომავალი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე პროექტის მონაწილეებმა ერთი კვირის განმავლობაში მიღებული გამოცდილება პრეზენტაციების სახით წარადგინეს და აფხაზური სიმღერა „აჟლარი“ შეასრულეს.
დასკვნით ღონისძიებამდე მონაწილეები ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ეწვივნენ, სადაც შემეცნებით ტურში მიიღეს მონაწილეობა და ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საინჟინრო ნაგებობის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა დუმბაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მათ მონაწილეებს წარმატებები უსურვეს და პროექტის დასრულება სერტიფიკატების გადაცემით აღნიშნეს.
პროექტი 2-7 ივლისს ქალაქ ზუგდიდში მიმდინარეობდა. მასში აფხაზეთიდან დევნილი 12-16 წლის 30 მოზარდი მონაწილეობდა. მონაწილეებს შორის იყვნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის ეთნიკურად აფხაზი მოსწავლეებიც.
ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეებმა ქართულ-აფხაზური ისტორიული ურთიერთობების, კულტურისა და საერთო მემკვიდრეობის, მულტიკულტურალიზმისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხებზე ტრენინგები გაიარეს. პროექტის მიზანი ახალგაზრდებში საერთო კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა და აქტიური სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება იყო.