ტრამპი ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შესაძლო შემცირებაზე: „ვნახოთ“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ დააკონკრეტა, აპირებს თუ არა ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის დამატებით შემცირებას.
აღნიშნული განცხადება მან თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ორმხრივი შეხვედრისას ანკარაში ნატოს სამიტის ოფიციალურ გახსნამდე გააკეთა.
ჟურნალისტების კითხვაზე, გეგმავს თუ არა ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების კიდევ უფრო შემცირებას, ტრამპმა უპასუხა: „ვნახოთ“.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ნატოს მიმართ კრიტიკაც გაიმეორა და აღნიშნა, რომ სამიტზე დასწრებაზე უარის თქმასაც განიხილავდა.
„ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი ნატოთი. სიმართლე რომ ვთქვათ, ის რომ თურქეთში არ ტარდებოდეს, სადაც ჩემი მეგობარი, ძალიან ძლიერი ლიდერი და პიროვნებაა, სავარაუდოდ მე მასში მონაწილეობას არ მივიღებდი. ჩავთვალე, რომ უნდა ჩამოვსულიყავი, რადგან ვიცი, რამდენი გააკეთა მან ამისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.
CNN-ის ცნობით, ტრამპის განცხადებები ევროპაში ამერიკული სამხედრო ყოფნის მომავალთან დაკავშირებული კითხვების ფონზე გაკეთდა. გამოცემის ინფორმაციით, პრეზიდენტმა კერძო საუბრებში განიხილა ევროპაში განთავსებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის დაახლოებით ერთი მესამედით შემცირების შესაძლებლობა. წყაროების თქმით, ამის მიზეზი მისი უკმაყოფილებაა იმის გამო, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციებში არ ჩაერთნენ.