საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერები მზად არიან გააუქმონ შესაბამისი სანქციები, ირანის მიერ საკუთარ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გადადგმული მკაფიო და გადამოწმებადი ნაბიჯების საპასუხოდ
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში „ჰორმუზის სრუტის სასწრაფოდ გახსნა და ნაოსნობის უპირობო და შეუზღუდავი თავისუფლების უზრუნველყოფა“ მოითხოვეს.
„ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ ჩვენი როლი ამ მიზნის მისაღწევად - ჩვენი შესაბამისი კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით - მათ შორის, მკაცრად თავდაცვითი და დამოუკიდებელი მისიის მეშვეობით, რათა უზრუნველვყოთ კომერციული ნაოსნობის უსაფრთხოება და განვახორციელოთ ნაღმებისგან გაწმენდის ოპერაციები“, - ნათქვამია განცხადებაში.
ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ისინი „მზად არიან გააუქმონ შესაბამისი სანქციები, ირანის მიერ საკუთარ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გადადგმული მკაფიო და გადამოწმებადი ნაბიჯების საპასუხოდ“.
მათ ხაზგასმით აღნიშნეს თავიანთი მზადყოფნა, ითანამშრომლონ აშშ-თან, ირანთან და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA), რათა გარანტირებული იყოს, რომ ირანი არასოდეს მოიპოვებს ბირთვულ იარაღს.