თბილისის საკრებულოში გალისიის რეგიონის ლარაჩას მუნიციპალიტეტის მერს და ესპანელ სტუდენტებს უმასპინძლეს

თბილისის საკრებულოში გალისიის რეგიონის ლარაჩას მუნიციპალიტეტის მერს და ესპანელ სტუდენტებს უმასპინძლეს

თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ცინცაძემ ესპანეთის გალისიის რეგიონის ლარაჩას მუნიციპალიტეტის მერთან, ხოსე მანუელ ლოპეს ვარელასთან შეხვედრა გამართა.

ხოსე მანუელ ლოპეს ვარელასთან ერთად, საკრებულოში გალისიის რეგიონის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებსაც უმასპინძლეს, რომლებიც საქართველოში ესპანური ენისა და კულტურის ცენტრ „აბანიკო“-ს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან.  

შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ. როგორც თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ცინცაძემ განაცხადა, ახალგაზრდული მიმართულების განვითარება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება თვითმმართველობის საკითხებში. ავთანდილ ცინცაძემ ესპანურ მხარესთან სხვადსხვა მიმართულებით თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. 

თავის მხრივ, ესპანეთის გალისიის რეგიონის ლარაჩას მუნიციპალიტეტის მერმა თბილისის საკრებულოს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ხოსე მანუელ ლოპეს ვარელამ განაცხადა, სტუდენტების გაცვლითი პროგრამები გალისიის რეგიონისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა სხვადასხვა ქვეყნის კულტურა და ტრადიციები გაიცნონ. როგორც გალისიის რეგიონის ლარაჩას მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ესპანეთში ქართველი სტუდენტების ვიზიტიც იგეგმება. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ესპანელმა სტუმრებმა თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს.