„ფაინენშალ თაიმსი“ – საფრანგეთმა და გერმანიამ მოითხოვეს, წლის ბოლომდე მომზადდეს ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის რეფორმირების შესაძლო ვარიანტები
საფრანგეთმა და გერმანიამ საჯაროდ მოითხოვეს, რომ წლის ბოლომდე მომზადდეს ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის რეფორმირების შესაძლო ვარიანტები, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.
მედიის ცნობით, პარიზსა და ბერლინში აცხადებენ, რომ აუცილებელია მკაფიო და სწრაფი გრაფიკის განსაზღვრა, რათა ევროკავშირს ჰქონდეს „უფრო ძლიერი და ეფექტიანი“ საგარეო პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობა.
ამასთან, „ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, ევროპის დედაქალაქებში, მათ შორის პარიზსა და ბერლინში, უკმაყოფილო არიან ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ ბოლო გეოპოლიტიკურ კრიზისებზე რეაგირების კოორდინაციით. როგორც მედია წერს, ასეთ კრიზისებს შორის სახელდება უკრაინასა და ირანში მიმდინარე ომები, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არაპროგნოზირებადი პოლიტიკა, ასევე ტარიფების, ეკონომიკური იძულებისა და ენერგომატარებლების, როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტების მზარდი გამოყენება.
გამოცემის ცნობით, გერმანიამ და საფრანგეთმა დახურულ ფორმატში განიხილეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ფუნქციებისა და უფლებამოსილების სიღრმისეული რეფორმა.
„არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, გერმანია და საფრანგეთი ხაზს უსვამენ ევროკავშირის საგარეო ქმედებების შიდა მექანიზმების რეფორმირების აუცილებლობას, რათა საერთაშორისო ასპარეზზე ევროკავშირმა უფრო ძლიერი, სწრაფი და უკეთ კოორდინირებული რეაგირება შეძლოს“, – ნათქვამია ორ ქვეყანას შორის გასულ კვირას გამართული მთავრობათაშორისი კონსულტაციების შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
ევროკავშირის ორი უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა გამოვიდა მოწოდებით, რომ ოქტომბერში დაგეგმილ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა შესაბამის სტრუქტურებს ოფიციალურად დაავალონ რეფორმის შესაძლო ვარიანტების შესწავლა. მათი შეთავაზებით, ამ საკითხზე ანგარიში 2026 წლის ბოლომდე უნდა მომზადდეს.
„ეს დოკუმენტი უნდა მოიცავდეს ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუტებისა და ორგანოების, მათ შორის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიისა და საგარეო ქმედებათა სამსახურის, როლისა და ინსტიტუციური მოწყობის შესწავლას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დისკუსიებში ჩართული წყაროების ინფორმაციით, განიხილება შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გარკვეული უფლებამოსილებები ევროკომისიას გადაეცეს.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის, კაია კალასის, განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მისი უწყების მომავალთან დაკავშირებით არაფორმალურ შეხვედრაზე, სექტემბერში ირლანდიაში იმსჯელებენ.
„ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, საფრანგეთისა და გერმანიის მიერ შეთავაზებული ვადების მიზანია, განხილვა ერთჯერადი დისკუსიით არ დასრულდეს და საბოლოოდ ოფიციალურ რეფორმის წინადადებებად ჩამოყალიბდეს.