შალვა პაპუაშვილი: როგორც კი მოხდება დეოკუპაცია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რუსეთის ჯარი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, ყველა წინაღობა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მოიხსნება
როგორც კი ეს ნაბიჯი გადაიდგმება და რუსეთის ჯარი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, ყველა წინაღობა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მოიხსნება, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ჟურნალისტმა ჰკითხა საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, მიხაილ შვიდკოის ვიზიტს თბილისში 14-15 ივნისს, რომელიც მოსკოვის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია და კინოსპექტაკლების ჩვენებებს დაესწრო.
„არ ვიცი ვინ სად იმყოფებოდა. ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ და ვისაც სურს საქართველოს მონახულება, თუ პრობლემა არ აქვს ქართულ კანონმდებლობასთან, ყველას შეუძლია მოინახულოს. რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, ჩვენი პოზიცია ძალიან ცხადია - იქნება კულტურული ურთიერთობებიც, ეკონომიკურიც და ყველა, როდესაც საქართველოს დეოკუპაცია და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღიარება მოხდება. ეს არის წინაღობა, რომელიც დგას ქართულ-რუსულ ურთიერთობებში. როგორც კი ეს ნაბიჯი გადაიდგმება და რუსეთის ჯარი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, ყველა წინაღობა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მოიხსნება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.