რობერტ ფიცომ უარყო ინფორმაცია, თითქოს სლოვაკეთი უკრაინის მხარდამჭერ კოალიციას შეუერთდა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ უარყო ინფორმაცია, თითქოს მისი ქვეყანა უკრაინის მხარდამჭერ კოალიციას შეუერთდა.
განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა „ფეისბუკით“ მას შემდეგ გაავრცელა, რაც საფრანგეთის საელჩომ განაცხადა, რომ ბრატისლავა უკრაინის მხარდამჭერი ჯგუფის, „მსურველთა კოალიციის“ წევრი გახდა.
ამ ინფორმაციას ფიცომ ირონიით უპასუხა და თქვა, რომ მალე ალბათ მოუწევს იმის მტკიცება, რომ მას რობერტ ფიცო ჰქვია.
„როგორც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, ოფიციალურად ვაცხადებ, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკა არ ყოფილა, არ არის და არ იქნება „მსურველთა კოალიციის“ წევრი, რომელიც უკრაინაში ომის გაგრძელებას უჭერს მხარს“, - განაცხადა ფიცომ და დასძინა რომ მას „მსურველთა კოალიციის“ არცერთ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.