„ევროაქტივი“ – მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული რუსული ბეწვის იმპორტზე ევროკავშირმა სანქციები მოხსნა
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული რუსული ბეწვის იმპორტზე ევროკავშირმა სანქციები მოხსნა. ამის შესახებ გამოცემა „ევროაქტივი“ წერს. საუბარია სიასამურის ბეწვზე, რომლისგანაც ასობით ათასი დოლარის ღირებულების ქურქებს კერავენ.
გამოცემის ცნობით, რუსული სიასამურის ბეწვზე სანქცია აპრილში დაწესდა, თუმცა სანქციების ახალი, 21-ე პაკეტიდან ეს შეზღუდვა ამოღებულია. ევროკომისიის განმარტებით, გამონაკლისის დაშვება აუცილებელი იყო, რადგან რუსეთი სიასამურის ტყავებით მსოფლიო ვაჭრობაში დომინანტურ პოზიციას იკავებს, რის გამოც ევროპელ მწარმოებლებს ალტერნატიული მომწოდებლები პრაქტიკულად არ ჰყავთ.
„როგორც ჩანს, მათი სხვაგან შეძენა ძალიან რთულია“, – განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან.
„ევროაქტივის“ ინფორმაციით, გამონაკლისის დაშვებას მხარს უჭერდნენ იტალია და საბერძნეთი, ევროკავშირის ორი მთავარი იმპორტიორი, რომლებიც რუსული სიასამურის ტყავებს ყიდულობენ.
სიასამური ჩრდილოეთ აზიის ტყეებში გავრცელებული მცირე ზომის მტაცებელი ძუძუმწოვარია, რომელიც განსაკუთრებით რბილი ბეწვით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, მისი ბეწვი ევროპული მოდის სახლებისთვის დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მასალად რჩებოდა.
ამასთან, 2022 წელს დაწესებული სანქციების ფარგლებში, ევროკავშირში მზა ბეწვის ნაწარმის იმპორტი და რუსეთისთვის მისი ექსპორტი კვლავ აკრძალულია. იგივე შეზღუდვები ვრცელდება სხვა ფუფუნების საქონელზეც, მათ შორის ბრილიანტებსა და ხიზილალაზე. 2022 წელს საბერძნეთის ბეწვის მწარმოებლები, რომელთა ინდუსტრიის მთავარი ცენტრები კასტორიასა და სიატისტაში მდებარეობს, ომის ფონზე დაწესებულ სანქციებს მკაცრად ეწინააღმდეგებოდნენ. მათი თქმით, ეს ზომები დარგისთვის „სასიკვდილო განაჩენის“ ტოლფასი იქნებოდა. გასულ კვირას შეთანხმებული გამონაკლისის შედეგად, ევროკავშირს კვლავ შეუძლია რუსული სიასამურის დაუმუშავებელი ტყავების იმპორტი, თუმცა რუსეთისთვის მზა ბეწვის ნაწარმის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა ძალაში რჩება.