ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის შეხვედრა ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან
ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, 2026 წლის საზაფხულო ბანაკების ფარგლებში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად გრძელდება. მორიგი შეხვედრა ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაიამ ახალგაზრდებთან საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის როლისა და უფლებების, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობისა და საარჩევნო საკითხებზე სანდო ინფორმაციის ფლობის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. გარდა ამისა, ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორია საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური მოწყობა და როგორ ხდება არჩევნების ორგანიზება.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების უპირატესობების, მათი დანერგვის პროცესისა და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაგროვილი გამოცდილების შესახებ.
სალომე როდონაიამ ახალგაზრდებს გააცნო საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია, რომლის ფარგლებში 2024 წლის არჩევნებამდე 600 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა პრაქტიკაში თავად გამოცადა საარჩევნო ტექნოლოგიები.
შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შეთავაზებული სერვისების შესახებ.
სალომე როდონაიამ ახალგაზრდებს საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალი „არჩევნები 360 გრადუსით“ წარუდგინა და აღნიშნა, რომ გამოცემა მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ, ამომწურავ და სანდო ინფორმაციას სთავაზობს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გამართულ შეხვედრას 200-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აქტიურად გამართავენ.