თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს
თურქეთმა რუსეთსა და უკრაინას შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად რუსეთის ნოვოროსიისკის პორტთან თურქული კომპანიის კუთვნილი გემი დაზიანდა, ეკიპაჟის სამი წევრი კი მძიმედ დაშავდა.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ანკარა „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოთქვამს იმის გამო, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემები თავდასხმის სამიზნე ხდებიან, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა ამასთან დაკავშირებით არაერთი გაფრთხილება გააჟღერა.
უწყების ცნობით, თურქეთის ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება დაშავებული თურქეთის მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას.