მელონიმ და ფრედერიქსენმა უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ საერთო განცხადება გაავრცელეს და ევროპის ქრისტიანული კულტურის მემკვიდრეობას დაცვის პირობა დადეს
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ და დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც „უკონტროლო მიგრაციის“ წინააღმდეგ ბრძოლაში საერთო პოზიცია დააფიქსირეს და პირობა დადეს, რომ ევროპის ქრისტიანულ კულტურულ მემკვიდრეობას დაიცავენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიდერები ევროპული მთავრობების ერთადერთი ქალი ლიდერები არიან და განსხვავებული პოლიტიკური წარმომავლობისა და გეოგრაფიული რეალობის მიუხედავად, ევროპის დაცვის საერთო ვალდებულება აერთიანებთ.
„ჩვენ არ ვიღებთ უკონტროლო იმიგრაციას ევროპაში და ხელი შევუწყვეთ მკაცრ მიგრაციულ პოლიტიკას, როგორც ჩვენს ქვეყნებში, ისე მთელ ევროპაში. არავის შეუძლია უარყოს არალეგალური იმიგრაციის უარყოფითი გავლენა ჩვენს საზოგადოებებზე: დანაშაულის დონის ზრდა, მზარდი ზეწოლა საჯარო სერვისებზე და საზოგადოებრივი ნდობის ეროზია. განსაკუთრებით სერიოზულია, როდესაც უკანონო მიგრანტები, რომლებსაც ჩვენს ქვეყნებში დარჩენის უფლება არ აქვთ, სჩადიან ძალადობრივ დანაშაულს, ვაჭრობენ ნარკოტიკებით ან პასუხისმგებელნი არიან სექსუალურ ძალადობაზე“, - აღნიშნულია მელონის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
Euronews-ი წერს, რომ ფრედერიქსენი და მელონი ბოლო დროს ევროკავშირში უფრო მკაცრი მიგრაციული პოლიტიკის ყველაზე ხმამაღალი დამცველები არიან, განსაკუთრებით ესპანეთის ანკლავ სეუტაში არსებული კრიზისის შემდეგ, როდესაც ათობით ათასმა არალეგალმა მიგრანტმა საზღვარი რამდენიმე საათში გადაკვეთა.
საპასუხოდ, იტალიამ და დანიამ ღია წერილით მიმართეს ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომელსაც სულ 22-მა წევრმა სახელმწიფომ მოაწერა ხელი. წერილი მოუწოდებს კოორდინირებული მოქმედებისკენ უკანონო მიგრაციასთან საბრძოლველად, საგარეო საზღვრების გასაძლიერებლად და ე.წ. „მიზიდვის ფაქტორების“ აღმოსაფხვრელად.
ორი ლიდერის აზრით, რიგითმა მოქალაქეებმა უნებართვო მიგრაციისთვის ძალიან დიდი ფასი გადაიხადეს. მათ მიაჩნიათ, რომ იმ მიგრანტებისადმი უფრო მკაცრი მიდგომა, რომლებმაც მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, საზოგადოებისათვის მეტ უსაფრთხოებასა და დაცულობას ნიშნავს.