კახა კალაძე: ჩვენს ქვეყანაში არავინ ეპყრობა ცუდად არცერთ ტურისტს, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს - ჩვენი ხალხი სტუმარს ღვთის საჩუქრად მიიჩნევს
“თბილისი და საერთოდ, მთელი საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქი და ქვეყანაა, მაგრამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, საზღვარგარეთიდან მოქმედმა ძალებმა დაიწყეს ახალი პროპაგანდისტული კამპანია ჩვენი ხალხისა და ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ.
ჩვენს ქვეყანაში არავინ ეპყრობა ცუდად არცერთ ტურისტს, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს - ჩვენი ხალხი სტუმარს ღვთის საჩუქრად მიიჩნევს. მთელ მსოფლიოში იციან, რომ ქართველები სტუმართმოყვარე და მეგობრული ხალხია. სწორედ ამიტომ თითქმის ყველას, ვინც საქართველოში ყოფილა, სურს აქ კვლავ დაბრუნდეს. ნუ დაიჯერებთ სიცრუეს, ჩამოდით საქართველოში და თავად დარწმუნდით, რომ ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში, დიდი ისტორიითა და კულტურით, დაუვიწყარი დღეები გელით.
გპირდებით, არასოდეს დაგავიწყდებათ საქართველოში გატარებული ბედნიერი მომენტები. ასე რომ, ყოველთვის კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ჩამობრძანდით!”- აცხადებს კახა კალაძე.