ინფრასტრუქტურის სამინისტრო: ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო: ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საგზაო, საგანმანათლებლო და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.


უწყების ცნობით, მიმდინარე პროექტებს შორისაა სტეფანწმინდა–გველეთის ახალი გზის მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ყველაზე გრძელი, 2-კილომეტრიანი ხიდი აშენდება, დაბა სტეფანწმინდის პარკის სრული რეაბილიტაცია და სოფელ სნოში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის მშენებლობა.


"მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა–გველეთის მონაკვეთზე ახალი გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. არსებული გზა თანამედროვე სატრანზიტო მაგისტრალის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა და მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული. მისი რეაბილიტაცია ვეღარ უზრუნველყოფდა საჭირო უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას, რის გამოც მიღებულ იქნა მონაკვეთის სრულად ახალი გზით ჩანაცვლების გადაწყვეტილება.


პროექტი ითვალისწინებს 4.5 კმ სიგრძის 2-ზოლიანი გზის, ორი ხიდისა და ორი გვირაბის მშენებლობას. მათ შორის აშენდება 2 კმ სიგრძის ხიდი, რომელიც საქართველოში ყველაზე გრძელი საავტომობილო ხიდი იქნება. მეორე ხიდის სიგრძე 635 მეტრია.


სამშენებლო მონაკვეთი სტეფანწმინდიდან დარიალის ახალ გვირაბამდე გადის. 460-მეტრიანი გვირაბი უკვე გაჭრილია და ამჟამად შიდა მოსახვის სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო მეორე, 846-მეტრიან გვირაბზე ბურღვითი სამუშაოები ხორციელდება.

სტეფანწმინდა–გველეთის მონაკვეთი მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის ერთ-ერთი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ნაწილია. პროექტის დასრულების შედეგად გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება და გამტარუნარიანობა.


პროექტის ღირებულება 215.5 მილიონი ლარია და მისი დასრულება 2027 წელს იგეგმება.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა E117 ევროპული მარშრუტისა და ჩრდილოეთ–სამხრეთის სატრანზიტო დერეფნის ნაწილია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციისა და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების უზრუნველყოფაში. მაგისტრალის მოდერნიზება რამდენიმე მონაკვეთზე გრძელდება. მათ შორის, მიმდინარეობს ქვეშეთი–კობის 23 კმ-იანი გზის მშენებლობაც, რომლის მთავარი, 9 კმ სიგრძის გვირაბი უკვე გაჭრილია, წლის ბოლომდე კი დასრულდება გუდაურამდე მისასვლელი ახალი გზა.

ამასთან, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი დაბა სტეფანწმინდაში არსებული პარკის რეაბილიტაციას ახორციელებს. პარკის საპროექტო ტერიტორია 36 957 კვადრატულ მეტრს მოიცავს, საიდანაც 15 608 კვადრატულ მეტრზე მწვანე საფარი განთავსდება.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა საბავშვო და სპორტული სივრცეები, წყლის სარკეები, საფეხმავლო ხიდები, გარე განათებისა და ირიგაციის სისტემები, სველი წერტილები და უსაფრთხოების კამერები. ასევე განთავსდება საჩრდილობლები და თანამედროვე საპარკე ფურნიტურა. პროექტის დასრულების შედეგად სტეფანწმინდას ექნება თანამედროვე და მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცე, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მუნიციპალიტეტის ვიზიტორებსაც მოემსახურება.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებითაც მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება. სოფელ სნოში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა აშენდება.

სნოს ისტორიული საჯარო სკოლა 1903 წლიდან ფუნქციონირებს. სკოლაში სწავლობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

სკოლის რეაბილიტაციის შესაძლებლობის შესწავლისა და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ არსებული შენობა უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და მისი შემდგომი ექსპლუატაცია და შენარჩუნება ტექნიკურად შეუძლებელია.

შესაბამისად, არსებული ნაგებობის ადგილას, ისტორიული შენობის მასალის გამოყენებით, ახალი სასკოლო შენობა აშენდება. პროექტის მიზანია თანამედროვე, უსაფრთხო და სრულფასოვანი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა და, ამავდროულად, ისტორიულ შენობასთან კავშირისა და სკოლის საუკუნოვანი ტრადიციის მაქსიმალურად შენარჩუნება.

ახალი სკოლის მშენებლობით სნოს ისტორიული სკოლა თანამედროვე და უსაფრთხო გარემოში გააგრძელებს ფუნქციონირებას და მომავალ თაობებს მოემსახურება," - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.