ევროკომისია: ევროკავშირის ტერიტორიაზე დროებითი დაცვის სტატუსის მისაღებად, ახლად ჩასულ უკრაინელ ქალებსაც მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ ისინი თავს არ არიდებენ სამხედრო სამსახურს და უკრაინა კანონიერი საფუძვლით დატოვეს
ევროკავშირის ტერიტორიაზე დროებითი დაცვის სტატუსის მისაღებად, ახლად ჩასულ უკრაინელ ქალებსაც მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ ისინი თავს არ არიდებენ სამხედრო სამსახურს და უკრაინა კანონიერი საფუძვლით დატოვეს. ამის შესახებ ხუთშაბათს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის წარმომადგენელმა, მარკუს ლამერტმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც სამხედრო ვალდებულების მქონე უკრაინის მოქალაქეებისთვის დროებითი დაცვის მინიჭებას ზღუდავს, თანაბრად ვრცელდება როგორც მამაკაცებზე, ასევე ქალებზე.
ლამერტმა ასევე დასძინა, რომ ევროკავშირი უახლოეს მომავალში წევრ ქვეყნებს მიაწვდის დამატებით რეკომენდაციებს უკრაინელთა იმ კატეგორიების შესახებ, რომლებსაც ევროკავშირში დროებითი დაცვის მიღების უფლება აღარ ექნებათ.
ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა 2028 წლის მარტამდე გაუხანგრძლივა დროებითი დაცვა იმ უკრაინელებს, რომლებმაც ქვეყანა რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის გამო დატოვეს. ეს სტატუსი მათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას აძლევს.
მიუხედავად ამისა, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს, რომ აღნიშნულ სტატუსს ავტომატურად აღარ მიიღებენ ახლად ჩასული მამაკაცები, რომლებიც ვერ შეძლებენ მოქმედი უკრაინული კანონმდებლობის შესაბამისად სამხედრო მოვალეობის შესრულების დადასტურებას. გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ ეს მოთხოვნა წესდება „უკრაინის მიმდინარე თავდაცვითი საჭიროებების გათვალისწინებით“.