ანდრეი სიბიგა: მაქსიმალური გააქტიურება გვჭირდება. სამწუხაროდ, ამჟამად პაუზის ფაზაში ვართ. ამერიკული მხრიდან უფრო აქტიური მონაწილეობა გვჭირდება- უკრაინას სამშვიდობო პროცესის გასააქტიურებლად შემოქმედებითი იდეები აქვს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას თქმით, უკრაინულ მხარეს სამშვიდობო პროცესისთვის შემოქმედებითი იდეები აქვს. ამის შესახებ მან კიევში გერმანელ კოლეგასთან იოჰან ვადეფულთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც შეეხება სამშვიდობო ძალისხმევას, ჩვენ მაქსიმალური გააქტიურება გვჭირდება. სამწუხაროდ, ამჟამად პაუზის ფაზაში ვართ. ამერიკული მხრიდან უფრო აქტიური მონაწილეობა გვჭირდება. ჩვენ მივესალმებით ასეთ მონაწილეობას, მივესალმებით ამერიკული მხარის ლიდერობას, რადგან ამერიკელების, შეერთებული შტატების გარეშე, ამ სიტუაციაში პროგრესის, ან სამართლიანი მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია“, - აღნიშნა მან.
კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიხსენა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს საკითხი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ვაშინგტონში ცოტა ხნის წინ გამართული შეხვედრის დროს განიხილა.
გარდა ამისა, მისი თქმით, უკრაინული მხარე უკრაინაში ამერიკელ მომლაპარაკებელთა გუნდის ჩასვლას ელოდება.
„უკრაინას აქვს იდეები, მათ შორის შემოქმედებითი, რათა მაქსიმალურად გაააქტიუროს ეს პროცესი. ჩვენ ველოდებით ამერიკული მოლაპარაკების ჯგუფის ჩამოსვლას“, - აღნიშნა სიბიგამ.
უკრაინის უმაღლესმა დიპლომატმა დასძინა, რომ მან და ვადეფულმა დღეს ასევე განიხილეს ევროპის როლი სამშვიდობო ძალისხმევაში.
„ერთი სიტყვით: პაუზები არ უნდა იყოს და ახალი, აქტიური პოლიტიკური და დიპლომატიური სეზონი, უპირველეს ყოვლისა, უნდა ფოკუსირდეს იმაზე, თუ როგორ დავასრულოთ ეს ომი. ამისთვის კი ერთი და პრაქტიკულად ერთადერთი დაბრკოლება არსებობს - პუტინი“, - ხაზგასმით აღნიშნა სიბიგამ.