მედია: უკრაინამ კრასნოდარის მხარეში რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
უკრაინელმა სამხედროებმა გვიან ღამით რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, აფიპკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სამხრეთ რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. ის აწარმოებს ბენზინს, დიზელის საწვავს, გაზის კონდენსატის დისტილატებს, მძიმე ნავთობპროდუქტებსა და გოგირდს. საწარმო ყოველწლიურად დაახლოებით 6.25 მილიონ ტონა ნედლ ნავთობს ამუშავებს, რაც რუსეთის ნავთობგადამუშავების მთლიანი მოცულობის დაახლოებით 2%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ქარხანა უკრაინის თავდასხმების სამიზნე ადრეც გამხდარა. თავდასხმის დროს რეგიონში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.
ამასთან, რუსეთის როსტოვის ოლქში მდებარე ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსულმა მხარემ საჰაერო თავდაცვის სისტემების გააქტიურების შესახებ განაცხადა. თუმცა, არსებული ინფორმაციით, საწარმოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.