სნოს საჯარო სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის დამატებითი შესწავლა მიმდინარეობს

სნოს საჯარო სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის დამატებითი შესწავლა მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სნოს საჯარო სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის დამატებით სიღრმისეულ კვლევას ახორციელებს, რომელიც მოიცავს გეოლოგიურ კვლევასა და შენობის ავარიულობის კატეგორიის დადგენას.

სკოლის შენობის არსებული მდგომარეობა და პროექტის შემდგომი განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯები ადგილზე კიდევ ერთხელ განიხილეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, მისმა მოადგილემ ქვარა ჩართოლანმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა და სკოლის წარმომადგენლებმა. მათ სკოლის შენობა დაათვალიერეს და სპეციალისტებთან ერთად შემდგომი გადაწყვეტილებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები შეაფასეს.

ამ ეტაპზე სნოს საჯარო სკოლის არსებული შენობის დემონტაჟისა და ახალი სკოლის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. არსებული შენობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება სრული ექსპერტიზის შედეგებისა და სპეციალისტების დასკვნების საფუძველზე იქნება მიღებული. საბოლოო ტექნიკური გადაწყვეტა უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლეების უსაფრთხოებას, შენობის ისტორიულ მნიშვნელობასა და ხარისხის ყველა შესაბამის სტანდარტს.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმების შემდეგ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლების რეაბილიტაციისა და მშენებლობის რამდენიმე ათეული პრობლემური პროექტი გადაიბარა. მათი გაგრძელება საფუძვლიანი შესწავლის გარეშე შეუძლებელი იყო.

სწორედ ამ პროცესის ფარგლებში, ობიექტის მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის გადაცემის შემდეგ, დაიწყო სნოს საჯარო სკოლის პროექტისა და შენობის არსებული მდგომარეობის დეტალური შესწავლა.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადასტურდა, რომ საწყისი საკონსტრუქციო პროექტი ხარვეზებს შეიცავდა. ამჟამად, ფონდის მოთხოვნით, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო შენობის ტექნიკური მდგომარეობის დამატებითი შესწავლის მიზნით შესაბამის განაცხადს ამუშავებს.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სკოლის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 2 261 583,96 ლარის საერთო ღირებულებიდან კონტრაქტორ კომპანია „დიკა 2010-სთვის“ ჩარიცხულია მხოლოდ 148 894,10 ლარი. აღნიშნული თანხა შენობის შიდა და გარე მოპირკეთების დემონტაჟის სამუშაოებისთვის იყო გათვალისწინებული.