ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ პირადი შეურაცხყოფები არ აწუხებს, თუმცა სურს, კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანოს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები და სამთავრობო უწყებები ცილისწამებისგან უკეთესად იყოს დაცული
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, პირადი შეურაცხყოფები მას არ აწუხებს, თუმცა სურს, კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანოს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები და სამთავრობო უწყებები ცილისწამებისგან უკეთესად იყოს დაცული. გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მერცმა აღიარა, რომ წარსულში თავად მიმართავდა სასამართლოს ცილისწამების საქმეებზე, როდესაც პირადად შეურაცხყოფას აყენებდნენ, თუმცა აღნიშნა, რომ ამის გაკეთება შეწყვიტა და კანცლერის თანამდებობის დაკავების შემდეგ მსგავსი ნაბიჯი აღარ გადაუდგამს.
„ვინმე თუ იდიოტს მიწოდებს, ეს მისი საქმეა. მე სხვაგვარი აზრი მაქვს, მაგრამ ეს ქმედება დანაშაულს არ წარმოადგენს“, – თქვა მერცმა.
ცნობისთვის, სიტყვის თავისუფლებასა და პირად შეურაცხყოფას შორის ზღვარზე დებატები გერმანიაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც პროკურატურამ საქმე აღძრა სტუდენტის წინააღმდეგ, რომელმაც ბერლინში გამართული დემონსტრაციის დროს პლაკატი აღმართა წარწერით, რომელიც, სავარაუდოდ, მერცის ღირსებას ლახავდა.
სოციალური ქსელების ზოგიერთი მომხმარებელი დაჯარიმდა კომენტარების გამო, რომლებიც ცილისწამებად აღიარეს.
მერცის თქმით, ბრალდებებს, როგორც წესი, სახელმწიფო პროკურორები წარადგენენ და არა თავად პოლიტიკოსები. მან აღნიშნა, რომ გაკვირვებულია ასეთი საქმეების დიდი რაოდენობით, თუმცა დაამატა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და თანამდებობების პირები ცილისწამებისგან უნდა იყვნენ დაცულები, რათა შენარჩუნდეს დემოკრატიული სისტემისადმი პატივისცემა.
„როგორც კი სახელმწიფო თანამდებობები ცილისწამების სამიზნე ხდება, გართობა მთავრდება. ჩვენ, როგორც საზოგადოებას, უნდა შეგვეძლოს ამის წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან ეს უკვე აღარ არის სიტყვის თავისუფლება – ეს ზიანს აყენებს ჩვენს დემოკრატიას“, – განაცხადა მერცმა.
ამ მიზნით მერცმა თქვა, რომ მზად არის გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის რეფორმისთვის. ეს მუხლი გარკვეულ გარემოებებში პოლიტიკოსებს იცავს შეურაცხყოფისა და ცილისწამებისვან.
შეგახსენებთ, შარშან დეკემბერში მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2021 წლიდან ფრიდრიხ მერცმა მის მიმართ ინტერნეტში გავრცელებული შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო არაერთი სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა.