ირაკლი კირცხალია - იგივე ფასი აქვს ევროსაბჭოს რეზოლუციებს, რა ფასიც აქვს სამშობლოს იმ მოღალატეებს, რომლებიც თავისი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციას სანქციაზე ითხოვენ
იგივე ფასი აქვს ამ რეზოლუციებს, რა ფასიც აქვს იმ სამშობლოს მოღალატეებს, რომლებიც თავისი ქვეყნის წინააღმდეგ ძალას არ იშურებენ და დესტრუქციას დესტრუქციაზე, სანქციას სანქციაზე ითხოვენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციაზე საუბრისას მედიასთან განაცხადა.
როგორც კირცხალიამ აღნიშნა, ქართული საზოგადოება დირექტივების ტონით საუბარს არ მიიღებს.
"დირექტივებითა და მბრძანებლური ტონით საუბარს არ მივიღებთ და ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა და სწორედ ამაზე წუხან ჩვენი ე.წ. მეგობრები და ე.წ. პარტნიორები. მათ სიტყვა პარტნიორობის განმარტება ნამდვილად არ იციან, მათ პარტნიორობა დირექტივები და თითის ქნევით საუბარი ჰგონიათ, ჩვენს ქვეყანასთან და საზოგადოებასთან ეს ნამდვილად არ გამოუვათ. მათი მხრიდან ბევრი აბსურდული დირექტივა მოგვისმენია, ბევრი დირექტივა მოგვისმენია, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. იგივე ფასი აქვს იმ რეზოლუციებს, რა ფასიც აქვს იმ სამშობლოს მოღალატეებს, რომლებიც თავის ქვეყნის წინააღმდეგ ძალას არ იშურებენ და დესტრუქციას დესტრუქციაზე, სანქციას სანქციაზე ითხოვენ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ოთხშაბათს, ზაფხულის პლენარული სესიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს, რომლის ფარგლებშიც მომზადებულია რეზოლუციის პროექტი.