კანონპროექტის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიღება 18 წლიდან იქნება შესაძლებელი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიღებისთვის დადგენილი ასაკობრივი დიაპაზონი იზრდება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.
ცვლილებებით კონკრეტდება, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიღებისას კანდიდატის ასაკობრივი შეზღუდვა ამჟამად არსებული 21–35 წლის ნაცვლად, 18-40 წლით განისაზღვრება.
ასევე, კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და განსაზღვრულ ასაკს მიღწეული სამსახურის თანამშრომლებისთვის დაწესდება განსხვავებული შეზღუდვები ზღვრულ ასაკთან მიმართებით. კერძოდ, პროექტში აღნიშნულია, რომ სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, დადებითი სამედიცინო დასკვნის არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლებს საკუთარი სურვილით, შეიძლება გაუგრძელდეთ სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით, ხუთ წლამდე ვადით. ეს პირები იქნებიან – სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, მოადგილეები და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების უფროსები.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, სამსახურის თანამშრომლის მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ზომად „შენიშვნაც“ განისაზღვრება