მიხეილ სარჯველაძემ ბერლინში, გერმანია–აღმოსავლეთ ევროპის ჯანმრთელობის მე-9 ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბერლინში, გერმანია–აღმოსავლეთ ევროპის ჯანმრთელობის მე-9 ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე ილაპარაკა და ყურადღება გაამახვილა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებზე, მედიკამენტების ფასების რეგულირებასა და პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე. აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსახლეობის 95%-ზე მეტი სარგებლობს, ხოლო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ წამლის ფასი საშუალოდ 40%-ით შემცირდა.
მიხეილ სარჯველაძემ ასევე ილაპარაკა პირველადი ჯანდაცვის ახალ მოდელზე, რომელიც პრევენციას, დაავადებების ადრეულ გამოვლენასა და ქრონიკული დაავადებების ეფექტიან მართვას ითვალისწინებს.
მინისტრმა ხაზი გაუსვა გერმანიასთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და სამედიცინო დაწესებულებებს, უნივერსიტეტებსა და კვლევით ორგანიზაციებს შორის პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობებს. თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებად დასახელდა სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ქრონიკული დაავადებების მართვა, ინოვაციური მედიკამენტები, კლინიკური კვლევები და სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარება.
შეხვედრას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე კარტოზია, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.