მედია: უნგრეთის პარლამენტმა ორბანის მმართველობის პერიოდში მიღებული ანტილგბტ კანონმდებლობის ნაწილი გააუქმა
უნგრეთის პარლამენტმა ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში, 2021 წელს მიღებულ კანონში LGBTQ თემის წინააღმდეგ მიმართული დებულებების გაუქმებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას RTL ავრცელებს.
მედიის ცნობით, ეს ევროკავშირის მომხრე პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ LGBTQ თემის უფლებების შეზღუდვის პოლიტიკის პირველი მნიშვნელოვანი გადახედვაა.
უნგრეთის პარლამენტმა კანონპროექტი 139 ხმით 51-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, გაუქმდება შეზღუდვები, რომლებიც არასრულწლოვანებისთვის ხელმისაწვდომ მასალებში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული მრავალფეროვნების წარმოჩენასა და პოპულარიზაციას კრძალავდა. ახალი რეგულაცია 18 წლამდე ასაკის პირების დაცვაზე იქნება ორიენტირებული ისეთი მასალებისგან, რომლებმაც შესაძლოა „სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ფიზიკურ, ინტელექტუალურ, ემოციურ ან მორალურ განვითარებას“.
პეტერ მადიარმა აპრილში გამართულ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რითაც ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა. ორბანის ხელისუფლება LGBTQ თემის უფლებების შეზღუდვის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ პოლიტიკას ატარებდა ევროპაში, - იუწყება RTL.
„LGBTQ თემის შესახებ მასალებზე წვდომის შეზღუდვების გაუქმება უდავოდ მნიშვნელოვანი და პოზიტიური წინ გადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა უფლებადაცვითი ორგანიზაცია „ჰატერის“ წარმომადგენელმა ტამაშ დომბოშმა.
მადიარის განცხადებით, ცვლილებები უნგრეთის კანონმდებლობას ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოიყვანს. ორბანის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამოდ შეფასდა.
პრემიერ-მინისტრს საარჩევნო კამპანიის დროს LGBTQ თემის უფლებებზე არაფერი უთქვამს, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ორბანის მმართველობის პერიოდში მიღებული პოლიტიკის გადახედვისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ამასთან, მადიარი ცვლილებებს უფლებების აღდგენად კი არა, სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, ბავშვთა დაცვის წესების გაძლიერებად წარმოაჩენდა.
ორბანის პარტია „ფიდესი“ ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდა და ხელისუფლებას ევროკავშირის წნეხის შედეგად კანონის თავდაპირველი შინაარსის შესუსტებაში ადანაშაულებდა. თუმცა მმართველ პარტია „ტისას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, რამაც კანონპროექტის ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე დამტკიცება შესაძლებელი გახადა.