AXIOS: ევროპელი დიპლომატები ტრამპის, სი ძინპინისა და პუტინის შეხვედრის გამო შეშფოთებულები არიან
ევროპელი დიპლომატები შეშფოთებულები არიან აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების მოახლოებული სამმხრივი შეხვედრის გამო, რომელიც ხუთშაბათს, ჩინეთის ქალაქ შენჟენში, APEC-ის სამიტის ფარგლებში გაიმართება. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.
მათი შიშით, დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამ შესაძლოა შექმნას შთაბეჭდილება, რომ სამი ლიდერი მსოფლიოს გავლენის სფეროებად გადანაწილებაზე მსჯელობს, იუწყება გამოცემა.
ზოგიერთმა მათგანმა შესაძლო სამიტს „იალტა II“ უწოდა - მინიშნებით 1945 წლის შეხვედრაზე, რომელშიც აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის ლიდერები მონაწილეობდნენ და რომელმაც ომის შემდგომი ევროპის პოლიტიკური მოწყობის განსაზღვრაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
იმავე დღეს, როდესაც ტრამპი სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინს შეხვდება, მისი წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი ბერლინში უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, პოლონეთის, ევროკავშირისა და ნატოს მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრას გეგმავენ. ამის შესახებ AXIOS-ს ორმა წყარომ განუცხადა.
შეხვედრის მიზანი მომდევნო კვირაში აბუ-დაბიში რუსეთთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის კოორდინაციაა. ორშაბათს კუშნერმა და უიტკოფმა სხვადასხვა მხარის წარმომადგენლებთან ვირტუალური შეხვედრა გამართეს.
„განვიხილეთ, როგორ შეიძლება ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი დიალოგის ხელშეწყობა, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დიდწილად არ არსებობდა. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ უშუალოდ მოისმინოს ერთმანეთის შეშფოთება და წინადადებები, რადგან ევროპის უფრო სტაბილური და უსაფრთხო მომავლის მისაღწევად ვმუშაობთ“, - დაწერა კუშნერმა სოციალურ ქსელ X-ში.



