AXIOS: ზელენსკიმ ტრამპს უკრაინისთვის ზამთრისთვის Patriot-ის ტიპის 300 რაკეტის გადაცემა სთხოვა

AXIOS: ზელენსკიმ ტრამპს უკრაინისთვის ზამთრისთვის Patriot-ის ტიპის 300 რაკეტის გადაცემა სთხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ AXIOS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სთხოვა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების საგანგებო „ზამთრის პაკეტი“ გადასცეს, რათა უკრაინამ რუსეთის თავდასხმებისგან ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა შეძლოს.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინის Patriot-ის რაკეტების მარაგი თითქმის ამოწურულია და მათ გარეშე ქვეყანა ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვას ვერ შეძლებს. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც უკრაინამ კიევზე რუსეთის ბოლო თავდასხმების მოგერიება ვერ შეძლო.

თუ აღნიშნული პრობლემა ზამთრამდე არ მოგვარდება, რუსეთის სარაკეტო დარტყმებმა შესაძლოა უკრაინის ელექტროსადგურები გაანადგუროს, რის შედეგადაც მილიონობით უკრაინელი გათბობის გარეშე დარჩება და ჰუმანიტარული კრიზისი შეიქმნება, წერს გამოცემა.

როგორც AXIOS-ის წერს, ირანთან ომმა ასევე შეამცირა თავად აშშ-ში Patriot-ის რაკეტების მარაგები, რაც უკრაინისთვის მათი მიყიდვას ართულებს.

თურქეთში მიმდინარე თვის დასაწყისში გამართულ ნატოს სამიტზე ზელენსკიმ და ტრამპმა განიხილეს შესაძლებლობა, რომ აშშ-მა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიები გადასცეს. ეს კი შეამცირებდა უკრაინის დამოკიდებულებას ამერიკულ მარაგებზე და მთლიანობაში წარმოების გაზრდას შეუწყობდა ხელს.

ზელენსკის თქმით, გუშინ გამართულ შეხვედრაზე ტრამპი დათანხმდა, რომ Patriot-ის წარმოების ლიცენზიების საკითხზე მუშაობა გაგრძელდეს.

თეთრ სახლში ვიზიტის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის შეხვდა კომპანიების Lockheed Martin-ისა და Raytheon-ის წარმომადგენლებს - ორივე კომპანია Patriot-ის რაკეტებს აწარმოებს - რათა ეს საკითხი განეხილათ.

თუმცა, როგორც AXIOS-ის წერს, უკრაინის მიერ ლიცენზიების მიღების შემთხვევაშიც კი, დიდი რაოდენობით რაკეტების წარმოებას ერთიდან ხუთ წლამდე დასჭირდება. ზელენსკის თქმით, ასეთი ვადა უკრაინისთვის მიუღებელია.

„Patriot-ები გუშინ გვჭირდებოდა“, - განაცხადა მან. მისი თქმით, უკრაინა ზამთრამდე 300 ასეთ სისტემას ან რაკეტას ითხოვს.