BTS-მა მსოფლიო ტურნეების ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა
სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS ჟურნალ Billboard-ის ვერსიით ყველაზე შემოსავლიანი საკონცერტო კოლექტივი გახდა. მათ ლეგენდარული ჯგუფის, The Rolling Stones-ის მიღწევა გააუმჯობესეს, რომელიც თითქმის 7 წლის განმავლობაში უცვლელი რჩებოდა.
გამოცემის მონაცემებით, მხოლოდ მაისის თვეში BTS-მა 12 კონცერტი გამართა, 640 ათასზე მეტი ბილეთი გაყიდა და თითქმის 128 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ეს საუკეთესო ყოველთვიური შედეგია Top Tours-ის რეიტინგის ისტორიაში, რომელიც 2019 წლიდან იწარმოება.
წინა რეკორდი The Rolling Stones-ს ეკუთვნოდა. 2019 წელს ბრიტანულმა ჯგუფმა ერთ თვეში დაახლოებით 95 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამრიგად, BTS-მა ეს შედეგი დაახლოებით 35%-ით გააუმჯობესა.
კოლექტივის მსოფლიო ტურნე აპრილში, საგასტროლო საქმიანობაში თითქმის ოთხწლიანი შესვენების შემდეგ დაიწყო. ამ დროის განმავლობაში უკვე გაყიდულია მილიონზე მეტი ბილეთი, ტურნეს შემოსავალმა კი 200 მილიონ დოლარს გადააჭარბა. წლის ბოლომდე მუსიკოსებს კიდევ 50-ზე მეტი კონცერტის გამართვა მოუწევთ.
Billboard-ის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიმდინარე ტურნე შესაძლოა BTS-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გახდეს.