Euractiv: ევროკავშირის ქვეყნებს დაკავებული რუსული ნავთობის გაყიდვის უფლება ექნებათ
ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დაამტკიცეს ახალი მექანიზმი, რომელიც მათ დაკავებული რუსული ტანკერების ნავთობის გაყიდვის უფლებას აძლევს. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ კრემლზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების მორიგი ნაბიჯია.
ევროკომისიის წარმომადგენლებმა ხუთშაბათს, ევროკავშირის დიპლომატებს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, დაადასტურეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტში შევიდა დებულება, რომელიც წევრ სახელმწიფოებს საშუალებას მისცემს, გაყიდონ რუსული ნედლი ნავთობი და სხვა საქონელი, რომლებიც ხელში ჩაიგდეს იქნება ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების დაკავებით. მოსკოვი ამ ფლოტს „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებული ნავთობის ფასის ზედა ზღვრისთვის გვერდის ასავლელად იყენებს.
ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, ეს „ძალიან მნიშვნელოვანი დებულება“ წევრ სახელმწიფოებს შესაძლებლობას მისცემს, საზღვაო ოპერაციის ფარგლებში ტანკერის შეჩერებისა და ბორტზე ასვლის შემდეგ, „ჩრდილოვანი ფლოტის“ მიერ გადაზიდული ტვირთის კონფისკაცია მოახდინოს.
მისივე თქმით, მსგავსი ოპერაციები სულ უფრო ხშირად ტარდება, თუმცა აქამდე მთავარი პრობლემა დაკავებული ტვირთის შემდგომი ბედი იყო.
„საკითხი იდგა ასე: რა უნდა გვექნა ტვირთისა და საქონლისთვის. როგორც იცით, მათი ღირებულება ძალიან მაღალია“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ყველაზე შემოსავლიანი საექსპორტო პროდუქტი ნავთობია, ახალი წესები სხვა საქონელსაც შეეხება. შესაბამისად, თუ კონფისკაციის ობიექტი მარცვლეული გახდება, მისი გაყიდვაც შესაძლებელი იქნება, წერს გამოცემა.
Euractiv-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება იმ ფონზე მიიღეს, როდესაც ბრიუსელი ცდილობს, რუსეთის ენერგორესურსების ექსპორტზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიეროს, რათა კრემლს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად საჭირო შემოსავლები შეუმცირდეს.