სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად, ივნისში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივით აღინიშნება
სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად, ივნისში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივით აღინიშნება- ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს თქმით, მისი მიზანია საზოგადოების ყურადღების გამახვილება უვნებელი სურსათის მნიშვნელობასა და მის როლზე ადამიანის ჯანმრთელობის დაცვაში. წლევანდელი გზავნილია - „გამოწვევებიდან გადაწყვეტილებებამდე - უვნებელი სურსათი ყველასთვის“.
სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი იაკობაშვილმა დარგის წარმომადგენლები „განსაკუთრებული ღვაწლისთვის“ და „მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის“ დააჯილდოვეს.
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ილიას ბაღში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის მრავალფეროვანი აქტივობები მოეწყო. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ აგრო და სამეწარმეო სივრცეები, ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მონაწილეობა მიეღოთ შემეცნებით ღონისძიებებსა და მასტერკლასებში. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ცნობილი შეფ-მზარეულების მიერ საავტორო კერძების მომზადებამ და დეგუსტაციამ.
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განხილული იყო სურსათის უვნებლობის მნიშვნელობა, ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები.