ანკარაში, ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ტრამპმა NATO-ის წევრი ქვეყნები გააკრიტიკა

ანკარაში, ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ტრამპმა NATO-ის წევრი ქვეყნები გააკრიტიკა

ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, დონალდ ტრამპმა NATO-ის წევრი ქვეყნები გააკრიტიკა.

"NATO-ით ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს სამიტი თურქეთში რომ არ გამართულიყო - სადაც ჩემი მეგობარი ძლიერი ლიდერი და ძლიერი პიროვნებაა - შესაძლოა, საერთოდ არც დავსწრებოდი.

ჩავთვალე, რომ აქ აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი, რადგან ვიცი, მან ყველაფერი გააკეთა. NATO-ის სამიტის თურქეთში - ან საერთოდ, ნებისმიერ სხვა ადგილას - მასპინძლობა უდიდესი მოვლენაა, ეს მართლაც დიდი ამბავია.

მაგრამ ჩვენ სამართლიანად არ მოგვექცნენ. ირანთან დაკავშირებით გარკვეული ნაბიჯები გადავდგით. არავის დახმარება არ გვჭირდებოდა, არც კი მითხოვია. თუმცა, სანამ საერთოდ რამეს ვკითხავდი, მათ უკვე განაცხადეს, რომ მხარში არ დაგვიდგებოდნენ.

ჩვენ NATO-ში ტრილიონობით დოლარი გვაქვს დაბანდებული. რატომ? ევროპული ქვეყნებისა და სხვების, მათ შორის კანადის, დასაცავად. ზოგადად, იმისთვის, რომ დაგვეცვა ხალხი და სახელმწიფოები - ადრე საბჭოთა კავშირისგან, ახლა კი რუსეთისგან.

და მე ვამბობ: ეს ნორმალურია, მაგრამ ლოგიკით ხომ უნდა გეფიქრა, რომ ისინიც მონდომებით გააკეთებდნენ რამეს ჩვენს დასახმარებლად? სინამდვილეში კი ასე არ მოხდა.

გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრმა - ვფიქრობ, ის უკვე აღარც არის პოსტზე და შესაძლოა სწორედ ამის გამო, რადგან ძალიან არაპოპულარული ნაბიჯი გადადგა - თქვა: „არა, ჩვენ ომის დასრულების შემდეგ დაგეხმარებით“. მე ვუთხარი: „ასეთი დახმარება არაფერში მჭირდება“. საერთოდ არანაირი დახმარება არ გვჭირდებოდა.

გარკვეულწილად, მე მათ ვცდიდი. მინდოდა მენახა, იქნებოდნენ თუ არა ჩვენს გვერდით. დიდი ხანია ვამბობ: ჩვენ კი ვეხმარებით მათ, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინიც დაგვიდგებოდნენ მხარში.

იტალიამ უარი გვითხრა, გერმანიამ უარი გვითხრა, საფრანგეთმაც უარი გვითხრა. და ეს ნორმალურია.

მაგრამ, რატომ ვხარჯავთ ასობით მილიარდ დოლარს, როცა ისინი ჩვენთვის აქ არ იყვნენ? ჩვენ ხომ ყოველთვის მათ გვერდით ვიყავით", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.