POLITICO: ევროკავშირი „სამართლიანი თამაშისკენ“ მოუწოდებს მას შემდეგ, რაც ტრამპის ჩარევამ წითელ ბარათთან დაკავშირებით მსოფლიო ჩემპიონატზე აჟიოტაჟი გამოიწვია
ევროკომისიამ სპორტში „სამართლიანი თამაშისა და გამჭვირვალე კონკურენციისკენ“ მოუწოდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ნაკრების ვარსკვლავის, ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შედეგად გაუქმდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში ევროკომისიის სპიკერმა, ევა ჰრნციროვამ ბალოგუნის საქმეზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სპორტული ფედერაციები თავიანთ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელნი უნდა იყვნენ.
„ჩვენ პატივს ვცემთ სპორტის ავტონომიას და პატივს ვცემთ სპორტული ფედერაციების უფლებას, განსაზღვრონ ის კრიტერიუმები, რომლითაც მონაწილეები ასპარეზობენ“, - განაცხადა ჰრნციროვამ.
თუმცა, მან დასძინა, რომ „ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება, ცხადია, უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ და გამჭვირვალე კრიტერიუმებს“ და უფრო ფართო კონტექსტში ხაზი გაუსვა, რომ „ევროკავშირი მხარს უჭერს სამართლიანი თამაშისა და გამჭვირვალე კონკურენციის პრინციპს“.
ბალოგუნმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც ბელგიასთან მერვედფინალურ შეხვედრას გამოტოვებდა. მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს დონალდ ტრამპი ჯანი ინფანტინოს დაუკავშირდა, დისკვალიფიკაცია გაუქმდა. ფიფამ კონკრეტული საუბრების დადასტურებაზე უარი თქვა, თუმცა POLITICO-სთან საუბარში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ერთმატჩიანი აკრძალვის მოხსნის გადაწყვეტილება დამოუკიდებელმა სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო.